ახალი ამბები

ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

8 ოქტომბერი, 2013 •
ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება
“მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო ცენტრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ცენტრის მშენებლობა აღარ იქნება საჭირო მომავალ წელს და ამ თანხის კლებამ გამოიწვია ციფრებში ეს განსხვავება,” – განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
 
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი გია კაკაურიძე ამბობს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი პირების რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება თითქმის გაორმაგდა:
 

“აქ არის ორი მომენტი, ერთი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც ნარკომანიის პროგრამა უნდა განახოციელოს და თვითონ ამ სსიპ-ის ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება, ვინაიდან შენობის მშენებლობა იყო წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული. ხოლო თვითონ პროგრამა, რაც უშუალოდ უკავშირდება ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციას, ამ პროგრამის დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია.”

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ ცენტრი 300-დან 800 ადამიანზე იქნებოდა გათვლილი. მისივე განმარტებით, სამკურნალო დაწესებულება სასჯელაღსრულების სისტემას  უნდა დაქვემდებარებულიყო და მხოლოდ წამალდამოკიდებული პატიმრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგს განახორციელებდა:

 

“დაწესებულებაში მოხვედრა  შესაძლებელი იქნება კონკრეტული მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე. თუკი დადგინდება, რომ პირი არის ნარკოდამოკიდებული და მას ამის გამო აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ეს გახდება ამ დაწესებულებაში მისი გადაყვანის საფუძველი და იქ გატარებული მკურნალობის ერთი წელი ჩაეთვლება სასჯელის მოხდად. ეს იქნება სისტემის შეთავაზება. თუ არ დათანხმდება, მას ჩვეულებრივ ციხეში მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. ნებისმიერ მსჯავრდებულს, ვისაც აქვს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა, მნიშვნელობა არა აქვს, რა დანაშაულისთვის იქნება გასამართლებული, მას შევთაზებთ ამ ცენტრში გადმოყვანას ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი