ნეტგაზეთი | სერგი კაპანაძე: ოცნება “ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნას დათანხმდა სერგი კაპანაძე: ოცნება “ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნას დათანხმდა – Netgazeti

სერგი კაპანაძე: ოცნება “ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნას დათანხმდა

პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება დათანხმდა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული არიან.

,,ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას, რომელიც შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შეაფასებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააწესებს სხვა ტიპის შეზღუდვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის, მკვლელობებს. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს,’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე “ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივით, 23 თებერვალს გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა. ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ ოჯახისათვის.

არჩილ ტატუანაშვილის საქმე

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ გადასცემია.

რაც, შეეხება ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულს ორი მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 11 მარტიდან იმყოფებიან.

გიგა ოთხოზორიას საქმე
  • გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა.
  • 2016 წლის 26 დეკემბერს ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლის ბრალი დაუმძიმა და 2017 წლის 7 მარტს  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2017 წლის 31 მაისს აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.
  • გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული, რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
  • აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com