ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა

11 მარტი, 2018 •
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა

ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.

ორივე პირი ამჟამად მცხეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

” იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც. ამ წუთებში გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხვდებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კახაბერ საბანაძის, საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ცნობით, გათავისუფლებულ პირებს ფიზიკური ძალადობის ან წამების კვალი არ აღენიშნებათ. რაც შეეხება სხვა, დამატებით ინფორმაციას, საბანაძე ამბობს –  “უნდა დაველოდოთ გამოძიებას”.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მათ ამ დღემდე ეკრძალებოდათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი