ახალი ამბები

არასწორ პარკირებაზე ჯარიმა 5-ჯერ გაიზარდა

9 სექტემბერი, 2022 • 1870
არასწორ პარკირებაზე ჯარიმა 5-ჯერ გაიზარდა

მიმდინარე კვირას პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო, რომლითაც ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.

ასევე, ცვლილებები ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

ცვლილებების თანახმად დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს შემდეგ ჯარიმებს:

  •  თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ამ დრომდე ჯარიმა 10 ლარი იყო).
  •  თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სახეობის სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  • ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით.
  • სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, −გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი