ახალი ამბები

პარკირების აპლიკაცია რეფორმის გამო შეფერხდა, არ დაჯარიმდებით – მერია

15 აგვისტო, 2022 •
პარკირების აპლიკაცია რეფორმის გამო შეფერხდა, არ დაჯარიმდებით – მერია

თბილისის მერია აცხადებს, რომ პარკირების აპლიკაციაში რეფორმის გამო ტექნიკური შეფერხებების გამოსწორებამდე მოქალაქეები, ვინც ზონალურ-საათობრივ პარკირებას იყენებს, – თუმცა ამ შეფერხების გამო ვერ რთავს, – არ დაჯარიმდებიან.

ორშაბათ დილიდან თბილისში არაერთ მოქალაქეს შეექმნა შეფერხება ავტომობილების პარკირების აპლიკაციით სარგებლობისას.

11:20 საათისთვის მომხმარებლებს მერიისგან გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დარეგისტრირებულ ნომრებზე, სადაც მერია მათ მოუწოდებს, განაახლონ „თბილისი პარკინგის“ აპლიკაცია.

აპლიკაციის განახლების შემდეგ, მომხმარებელს აპლიკაციაში ავტორიზაცია [და არა რეგისტრაცია] ერთჯერადად ხელახლაა საჭირო.

თუმცა ამ პროცესშიც ფიქსირდება შეფერხებები. კერძოდ, მომხმარებლების ნაწილს დროულად არ მისდის ავტორიზაციისთვის საჭირო კოდი, რასაც აპლიკაცია აგენერირებს.

თბილისის მერია განმარტავს, რომ ეს შეფერხება უკავშირდება მუნიციპალური ელექტრონული სისტემების რეფორმას, ხოლო სანამ შეფერხებები გამოსწორდება, მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან.

„რეფორმის გამო ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე არ დაჯარიმდებიან“, – აცხადებს მერია.

მერიის განმარტებით- „თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს“.

„მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ა.შ.“, – აცხადებს მერია.

მერია ამ ცვლილებებს წინა კვირასაც აანონსებდა. პრესცენტრი იუწყება, რომ ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკონ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399.

მასალების გადაბეჭდვის წესი