ახალი ამბები

ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შექმნილი პრობლემების მაგალითად კელიმ “ფილიპ მორისი” დაასახელა

15 მარტი, 2018 • 2829
ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შექმნილი პრობლემების მაგალითად კელიმ “ფილიპ მორისი” დაასახელა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში მოქმედმა ამერიკულმა ბიზნესკომპანიებმა მუშაობა თანასწორ ბიზნესგარემოში შეძლონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რას გულისხმობდა, როდესაც 22 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე ამერიკული კომპანიებისთვის ქართულ სასამართლოში შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა, კელიმ “ფილიპ მორისის” საქმე გაიხსენა. მისი თქმით, დიდი გადასახადები და ჯარიმები ამერიკულ ბიზნესს საქართველოს მიმართ ინტერესს უკარგავს:

“ფედერალური მთავრობისთვის ვმუშაობ და კერძო კომპანიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის. ვფიქრობ, ზოგიერთ მათგანს საზოგადოება თვალყურს ადევნებს, ისინი წარმოდგენილნი არიან ქართველ-ამერიკელი პარტნიორებით, მაგალითად, ფილიპ მორისი. ვფიქრობ, ჩემი საქმეა, ადვოკატირება გავუწიო ამერიკულ ბიზნესს. ასე მოვიქეცით დაპირისპირებისას, რომელიც ეხებოდა მაღალი, ძალიან მაღალი გადასახადებისა და ჯარიმების დაწესებას.

ჩვენ[აშშ-ს] გვსურს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ბიზნესი აქაურობით. მაგრამ თუ ისინი ხელში აიღებენ ფურცელს და წაიკითხავენ, რომ აქ ამერიკული ბიზნესისთვის სადამსჯელო გადასახადებს აწესებენ, ეს უბიძგებს მათ, რომ წავიდნენ სადმე სხვაგან. გარდა ბიზნესის მარტივად კეთებისა, მათ ასევე სურთ, რომ აქ განხორციელებული ინვესტიციები იყოს დაცული; [საქართველოსგან] გაიგონ, რომ ქვეყანაში განსხვავებულად არ მოექცევიან, მათ ინვესტიციებს დაიცავენ, რომ ეს ინვესტიციები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთს, შესაძლოა, ამ საქმეების გაცნობის შემდეგ უსამართლობის გრძნობა დაეუფლოს. ამიტომაც ვეთანხმები პრემიერის ინიციატივას სასამართლოს შექმნის შესახებ, რომელიც მხოლოდ კომერციულ საქმეებს განიხილავს[კომერციული პალატა]. მოსამართლეებს სჭირდებათ გარკვეული ცოდნა კომერციულ საკითხებზე, როცა მსგავს საქმეებს განიხილავენ”, – აღნიშნა მან.

გასული წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სს “თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 92 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.

“თბილისის თამბაქო” “ფილიპ მორისს” საქართველოში სხვადასხვა სახის სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ედავებოდა, რის გამოც, მოსარჩელის თქმით, არათანაბარ პირობებში იმყოფებოდა. საპასუხოდ, სარჩელის ადრესატი აცხადებდა, რომ მომჩივანს არანაირი ობიექტური მტკიცებულება გააჩნდა იმისა, რომ მისი გაყიდვები “ფილიპ მორისის” მიერ თამბაქოს დემპინგურ ფასად გაყიდვის გამო შემცირდა. ამავე წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და კომპანიას დაკისრებული ჯარიმა მოუხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი