აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი 3-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას საქართველოს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემას შეეხო. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობის თვალსაზრისით კვლავ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრა სამომავლო პროგრესისთვის აუცილებელია. ამ კონტექსტში კელი ბიზნესგარემოსა და რამდენიმე ამერიკული კომპანიის არასასიამოვნო გამოცდილებასაც შეეხო.
“იყო რამდენიმე შემთხვევა უახლოეს წარსულში, როცა ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სამართლიანი მოპყრობა სასამართლოებში. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია გარეშე ზეგავლენისაგან, არის უმნიშვნელოვანესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ესოდენ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის”, – აღნიშნა ელჩმა.
სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას იან კელიმ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მხრიდან სისტემის გამოყენება თავისი ოპონენტების წინააღმდეგ დაუშვებელია და სწორედ მასზეა დამოკიდებული ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული განხეთქილების დაძლევა საზოგადოებაში:
“სასამართლო სისტემა იარაღად არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ოპონენტების წინააღმდეგ ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, როგორ გამოავლენს თავშეკავებას, რომ არ გადაამეტოს საკუთარ უფლებებს, დაეხმაროს საზოგადოებას განხეთქილების დაძლევაში და შეაჩეროს წარსულ შეცდომებზე დავის განახლება”.
ელჩმა თავისი სამწლიანი საქმიანობა 22 თებერვალს თბილისში, აშშ-ის საელჩოსა და რონდელის ფონდის კონფერენციაზე შეაჯამა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. იან კელი აშშ-ის ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის მარტამდე რჩება. მარტში კი 33-წლიან დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.