ახალი ამბები

დაცვის მხარე მერაბიშვილის საქმის განხილვის ნაწილობრივ დახურვას ითხოვს

7 ოქტომბერი, 2013 •
დაცვის მხარე მერაბიშვილის საქმის განხილვის ნაწილობრივ დახურვას ითხოვს

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ამ საქმეზე ორ მოწმესთან – ირაკლი მოწყობილთან (აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსი) და თემურ პატარიძესთან (აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი) მათ აქვთ ისეთი კითხვები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს და ამის გამო სხდომა ნაწილობრივ უნდა დაიხუროს:

 

“ამ პირებს ბრალდებამ გამოძიებისას არ დაუსვა სათანადო კითხვები და მხოლოდ იმას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა აგარაკზე ვანო მერაბიშვილის ოჯახი. ამიტომ კითხვებს ჩვენ დავსვამთ და მიგვაჩნია, რომ ეს ნაწილი არ უნდა იხილოს ფართო საზოგადოებამ. დაკითხვის დროს კიდევ სხვა პირების გამოკითვის საჭიროება თუ გაჩნდა, მაშინ ანალოგიური შუამდგომლობით კიდევ მოგამართავთ,” – განაცხადა ადვოკატმა.

 

ბრალდების მხარის თქმით, ჯერ საქმის ამ ეტაპამდე არ მისულან და ამ საკითხზე თავიანთ პოზიციას სათანადო დროს დააფიქსირებენ:

 

“ანალოგიური შუამდგომლობით საჭირო დროს შესაძლოა ჩვენც მოგმართოთ,” – განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.

 

თუმცა, ბრალდების მხარის განცხადებით, არც მოწმეების ჩვენებებში და არც მტკიცებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობები არ არის.

 

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მოწყობილი და პატარიძე დახურულ სხდომაზე წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

ვანო მერაბიშვილის პროცესი
ვანო მერაბიშვილის პროცესი

შეგახსენებთ, რომ ქუთასის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

 

მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი