დაცვის მხარემ სასამართლოს შეთავაზა 20 ათასლარიანი გირაო ან გირაოსთვის გათვალისწინებული გონივრული თანხა, რასაც სასამართლო დაადგენს, თუმცა თავად ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გირაო მისთვის შეურაცხმყოფელია და შუმადგომლობიდან ეს ნაწილი მოიხსნა.
ადვოკატის თქმით, არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ან ვანო მერაბიშვილის მიმალვის საფრთხე და ამის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს. დაცვის მხარეს სასამართლოს ასევე სთავაზობს, დაუწესონ მერაბიშვილს ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა.
“ის მთავარი ოპოზიციური საპარლამენტო ძალის გენერალური მდივანია, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს, არც ნსამართლევია, არც თანამდებობის პირი. მტკიცებულებები კი უკვე სასამართლოშია,” – განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა სამართლებრივ საფუძვლებსა და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებულია.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და, შესაბამისად, მერაბიშვილი ისევ პატიმრობაში დარჩება.
სასამართლო პროცესის დაწყების დროს დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და ახალაიას საქმის პროკურორების აცილება მოითხოვა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი უნდა იყოს პირადად მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მათი განცხადებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა ლოგიკას მოკლებულია, რადგან მერაბიშვილი არ არის თანამდებობის პირი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა:
“დაუსაბუთებელია დაცვის მოთხოვნა. პროკურორები არიან დანიშნულები კანონის დაცვით და მათ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სხდომაში”, – განაცხადა მოსამართლემ.
“ვეთანხმები ჩემს ადვოკატებს, მინდა გითხრათ, რომ რეალურად მთავარი პროკურორი არის ნაცვლიშვილი, ეს ივანიშვილმა დაადასტურა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ასრულებენ ქუთაისში და თბილისში სიარულის რიტუალს”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.

ამის საპასუხოდ მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ განაცხადა:
“გასაგებია თქვენი ემოციური მდგომარეობა, მაგრამ თუ კიდევ ასეთი ოვაციებით შეხვდებით ბატონი ივანეს სიტყვას, დაგატოვებინებთ სასამართლო სხდომას. ვფიქრობ, გათავისებული გაქვთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და სასამართლო დარბაზში დაიცავთ წესრიგს.”
მერაბიშვილის პროცესს ესწრება ლიტვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რამიდას პალაიდესი.
მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.
მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.






