მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებას და დაცვის მხარეს შესავალი სიტყვები ექნებათ.
“არ გამოვრიცხავ, რაიმე სახის შეუმდგომლობა წარმოიშვას შესავალი სიტყვის მერე, ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ რა თანმიმდევრულობით გავყვებით”, – აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის საქმეზე 3 969 მოწმე უნდა დაკითხოს სასამართლომ, რაც, მისი განცხადებით, შეუძლებელი იქნება განხორციელდეს იმ ვადაში, რა ვადითაც შეიძლება იყოს ყოფილი პრემიერი წინასწარ პატიმრობაში.
მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.
მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.






