ახალი ამბები

წულუკიანი: ისეთ არაჩვეულებრივ პატიმარს, როგორიც ახალაიაა, ნაკლები განმარტება სჭირდება

5 ოქტომბერი, 2013 •
წულუკიანი: ისეთ არაჩვეულებრივ პატიმარს, როგორიც ახალაიაა, ნაკლები განმარტება სჭირდება

“ელექტრონულ მიყურადებაში აუდიოც იგულისხმება, კი, კანონში წერია ცალ-ცალკე ვიდეო, აუდიო და ელექტრონული, მაგრამ ელექტრონულში, მე ასე ვფიქრობ, რომ ეს იგულისხმება, თქვენ ხომ ჩემ აზრს მეკითხებით, თუმცა კანონი უნდა იყოს ნათელი. დღეს ამ კანონზე იმდენი რამ ითქვა, ადასტურებს, რომ ეს კანონი, რომელიც  ჩვენ დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და რომელიც ახლა ყვირის, როგორც ჩანს, რაღაც დახვეწას საჭიროებს, მაგრამ თუ გაირკვა, რომ კანოში პრობლემაა, ეს პირველ რიგში კანონმდებლის პრობლემაა და არა სასჯელაღსრულების დაწესებულების”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

მისივე მოსაზრებით, მთავარი პრინციპი არის ის, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ კანონის ფარგლებში იმუშაოს და ამჯერად სამინისტროს კანონი  ჩანაწერის გაკეთების საშუალებას აძლევდა:

 

“სამინისტრომ პატიმარი გააფრთხილა, მეც პირველად ეს კითხვა გამიჩნდა და, როგორც აღმოჩნდა, პატიმარი გაფრთხილებული იყო. ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ეს არის პატიმარი, რომელიც პატიმრების უფროსი იყო ოდესღაც, ამიტომ მას ალბათ ნაკლები განმარტება სჭირდება იმაზე, თუ რა არის მისი უფლება. ისეთ არაჩვეულებრივ პატიმარს, როგორიც ბაჩო ახალაიაა, ნაკლები განმარტება სჭირდება მაგრამ მას აქვს უფლებები და, რა თქმა უნდა, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა წულუკიანმა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ჩანაწერმა გარეთ გამოაღწია და იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი