ახალი ამბები

“დაგროვებითი პენსიის” კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

12 მარტი, 2018 • 1700
“დაგროვებითი პენსიის” კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტი საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში ჩართვის წესებს და პირობებს არეგულირებს. კომიტეტზე მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იყო. მისი განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.

კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით- ნებისმიერი თვითდასაქმებული. ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.

პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

პარლამენტის ცნობითვე, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა საკითხი არ ჩაითვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი