საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვას რუსეთის მიმართ რამდენიმე ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა. ნაწილი კვირიკაშვილს აკრიტიკებს, ხოლო ნაწილს მის მიდგომასთან შენიშვნები არ აქვს.
[red_box]პატრიოტთა ალიანსი[/red_box]
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტარი ირმა ინაშვილი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. პრემიერმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, რუსეთს “რთული ვითარების დასაძლევად” ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ირმა ინაშვილის მოსაზრებით, ამ მიმართვის გამო კვირიკაშვილი არავინ უნდა გააკრიტკოს.
“ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი.
ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე- იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი- უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა( ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
[blue_box]ნინო ბურჯანაძე[/blue_box]
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრემიერის განცხადებას სწორს, თუმცა დაგვიანებულ ნაბიჯს უწოდებს.
„ეს ნაბიჯი ზოგადად არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული. მე ვთვლი, რომ ვიდრე ასე დაიძაბებოდა სიტუაცია, ვიდრე იქნებოდა ბიბილოვის განცხადება ერთი თვის თაობაზე, ვიდრე ასეთი დაპირისპირება მოხდებოდა, მანამ უნდა გადაედგა ხელსუფლებას ეს ნაბიჯები და საერთოდ ხელისუფლებას სწორი ნაბიჯები რომ გადაედგა, ტატუნაშვილიც დღეს ცოცხალი იქნებოდა, საზღვარიც არ იქნებოდა ასე ღრმად გადმოწეული, საქართველოს შუაგულში და ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარებული თუ არა, მოგვარების ზღვარზე იქნებოდა. სწორ ნაბიჯებში ვგულისხმობ პირდაპირ დიალოგს, შეხვედრას, კონსულტაციებს, ბრძოლას – ოღონდ ბრძოლას მოლაპარაკების მაგიდასთან”, – ამბობს ბურჯანაძე რ2-ის ცნობით.
[blue_box]შალვა ნათელაშვილი[/blue_box]
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ კვირიკაშვილის განცხადება სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით “სახელმწიფოს ღალატია”. მისი თქმით, ეს დე ფაქტო ხელისუფლებების აღიარებას ნიშნავს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულ მხარეს ოსურ და აფხაზურ მხარეებთან პრობლემა არ აქვთ და, შესაბამისად, არც მოსალაპარაკებელი საკითხი არსებობს. მისი თქმით, ის, ვინც პრობლემას ქმნის, კრემლშია ბაზირებული.
[gray_box]ევროპული საქართველო[/gray_box]
“კვირიკაშვილის დღევანდელი წერილი, გარდა იმისა, რომ ერთგვარი ნაღვლიანი სადღეგრძელოა, ძალიან საგანგაშოა, ის ფაქტიურად აუქმებს ოკუპაციის ცნებას”, – ამბობს გიორგი კანდელაკი, ევროპული საქართველოს წევრი.
“თუ ვამბობთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და ოკუპანტს აქვს იქ არსებულ სტრუქტურებზე „ეფექტური კონტროლი“, ნებისმიერი საუბარი „პირდაპირ დიალოგზე“ არის რუსული ნარატივის ლეგიტიმაცია, სადაც რუსეთი არ არის ამ კონფლიქტის მხარე. უკრაინის პრეზიდენტმა რომ თქვას, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოო, იგივეა დაახლოებით”, – აცხადებს კანდელაკი.
[red_box]ენმ[/red_box]
პრემიერ-მინისტრის განცხადებაში რუსეთისადმი ვასალური დამოკიდებულება დაინახა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, თბილისის პირდაპირი დიალოგი სოხუმსა და ცხინვალთან სწორედ ისაა, რაც რუსეთს დიდი ხანია სურს.
ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშილის საქმის ფონზე საერთაშორისო დონეზე განგაშის ზარების ატეხვის ნაცვლად ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს.
“ეს არის ბიძინა ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკის გაშიშვლება”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. პრემიერის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.
ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა.
მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.
პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.
სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად”, – აცხადებს პრემიერი.