ახალი ამბებიკომენტარი

პირდაპირი დიალოგი ცხინვალსა და სოხუმთან ოკუპაციის ცნებას მოსპობს – დავით ბატაშვილი

9 მარტი, 2018 • 6331
პირდაპირი დიალოგი ცხინვალსა და სოხუმთან ოკუპაციის ცნებას მოსპობს – დავით ბატაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ბატაშვილი ფიქრობს, რომ თუ თბილისი ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმებთან ოფიციალურ დიალოგს დაიწყებს, ამით, ერთი მხრივ, ამ რეჟიმების საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, ოკუპაციის ცნებას მოსპობს. ამის შესახებ ანალიტისკომა ნეტგაზეთს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას უთხრა. კვირიკაშვილმა “აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის” მზადყოფნა დღეს დააფიქსირა.

“კვირიკაშვილის განცხადებაში სწორედ ის ფრაზაა საკვანძო, რომელიც მარიონეტულ რეჟიმებთან პირდაპირ დიალოგს ეხება. ეს საკვანძოცაა და საგანგაშოც.

დავით ბატაშვილი © ტაბულა

მარიონეტული რეჟიმები არათუ ეცდებიან ამის საკუთარი სტატუსის აწევისთვის გამოყენებას, არამედ ამ რეჟიმების საერთაშორისო ლეგიტიმაციის ამაღლებას საქართველოს ხელისუფლება თვითონვე გამოიწვევს”, – ამბობს ბატაშვილი და დასძენს, რომ თბილისის პირდაპირი დიალოგი ცხინვალსა და სოხუმთან ასევე გაამართლებდა რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომლის დამკვიდრებასაც საერთაშორისო ურთიერთობებში კრემლი წლებია ცდილობს.

“რომ თითქოს სინამდვილეში რუსეთის აგრესიასთან ან რუსულ-ქართულ კონფლიქტთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ საქართველოში დაპირისპირება მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის ყოფილ (როგორც ამას მოსკოვი აცხადებს) რეგიონებს შორის. ხოლო რუსეთი უბრალოდ გარედან ცდილობს მედიატორობას, მშვიდობისმყოფელობასა და პოზიტიური როლის თამაშს. ეს არის რუსეთის ოფიციალური პოზიცია და მათი ოცნებაა, რომ სწორედ ეს ნარატივი დაამკვიდრონ. რუსეთის დიპლომატია ყოველდღიურად სწორედ ამ პოზიციის დასამკვიდრებლად მუშაობს. ამ ნაბიჯით აღნიშულ ნარატივს საქართველოს ხელისუფლება თვითონვე დაამკვიდრებს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, აღნიშნული პირდაპირი დიალოგი ოკუპაციის ცნებასაც გაანადგურებს.

“თუ შენ მეორე მხარედ აღიარებ მარიონეტულ რეჟიმებს და მათთან აწარმოებ მოლაპარაკებას… რანაირი ოკუპაციაა? ოკუპაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც იქ სიტუაციას რუსეთი აკონტროლებს, რასაც სინამდვილეში მართლაც აკეთებს. თუ საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავა, ის ოკუპაციის ნარატივს მოსპობს. შემდეგში საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის დაფიქსირება, რომ ის, რაც იმ ორ რეგონში ხდება, ოკუპაციაა. საქართველოს ხელისუფლება, მარიონეტულ რეჟიმებთან „პირდაპირი დიალოგის“ დამყარების შემთხვევაში, გაანადგურებს დიპლომატიურ თუ იურიდიულ საფუძვლებს საიმისოდ, რომ საქართველომ საერთოდ ოდესმე შეძლოს  ამ ორ რეგიონზე თავისი სუვერენტიეტის აღდგენა. ის ამის შანსებს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს.”, – ამბობს დავით ბატაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, თბილისი აუცილებლად უნდა ახორციელებდეს ისეთ პოლიტიკას, რომელიც პოზიტიურად აისახება აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამ კუთხით ის უფასო სამედიცინო სერვისების პოლიტიკას გამოყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი მიდგომები აუცილებლად უნდა იქნას შემუშავებული და განხორციელებული. თუმცა, მისი თქმით, მიუღებელი არის მარიონეტულ რეჟიმებთან, როგორც პოლიტიკურ ერთეულებთან, მოლაპარაკება და მათი კონფლიქტის მხარედ აღიარება რუსეთის ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი