თბილისის საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” მიწვევით ამ საკითხზე სასაუბროდ თბილსის საკრებულოში დღეს ქალაქის მერი გიგი უგულავა მივიდა. მხარეებს შორის ერთსაათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილსის მერმა გიგი უგულავამ მედიას განუცხადა, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების წესს საკრებულო განსაზღვრავს: “არსებითად ძირითად წესზე შეთანხმებული ვართ. არის მოსაგვარებელი ბევრი ტექნიკური დეტალი, რაც მთავარია, საჯარო იყოს და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამა თუ იმ კორპუსში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ინფორმაცია, ნაკლები შეკითხვა გაუჩნდება საკრებულოს და საზოგადოებას. თუ შესაძლებელი იქნა, საკრებულომ ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების ახალი ვერსია რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცოს.”
რაც შეეხება დაფინანსების აღდგენის ზუსტ ვადებს, ამ საკითხს ქალაქის მერი ვერ აკონტროლებს: “თუ დაამტკიცებენ დაფინანსების ახალ წესს, საკრებულო კანონით არჩევნების დასრულებამდე საბიუჯეტო ცვლილებებს ვერ დააფინანსებს.”
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის თავმჯდომარის, დამოუკიდებელი დეპუტატის ნიკოლოზ ხაჩირშვილის განცხადებით, საკრებულოს თვითმმართველობების ფინანსური წახალისების წესი უკვე შემუშავებული აქვს: ” საკრებულოს უკვე შემუშავებელი აქვს წესი, რომელშიც მალე შევა კორექტირებები. ჩვენ შევიმუშავებთ იმ ფორმულას, რომელითაც შეფასდება თავმჯდომარის საქმიანობა და აქტივობა ამხანაგობაში არსებული წითელი ხაზების ფარგლებში. საზოგადოებისათვის, უბნისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების შეფასების დროს ერთპიროვნულად მიიღება გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე. ამ წესის შესაბამისად, ყველა ამხანაგობის თავმჯდომარე იქნება წახალისებული, რომელიც კარგად იმუშავებს”.
ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების შეჩერების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება 2013 წლის 27 აგვისტოს მიიღო.
საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, თბილისში 8 000 ამხანაგობაა და აქედან ხელფასს- კვარტალურად 300 ლარს, მხოლოდ 4 000 თავმჯდომარე იღებდა. თბილისის ბიუჯეტიდან ამხანაგობების პროექტებზე 16 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, დაფინანსება იმიტომ შეჩერდა, რომ ფინანსურ წახალისებას ამხანაგობის მხოლოდ ის თავმჯდომარეები იღებდნენ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ პოლიტიკურ პორცესებში იყვნენ ჩართული.