ახალი ამბები

საპროცესო შეთანხმება ლუხუმ კაპანაძისა და სხვათა საქმეზე

1 ოქტომბერი, 2013 • 1840
საპროცესო შეთანხმება ლუხუმ კაპანაძისა და სხვათა საქმეზე

ამ ქარხნის გაყიდვასთან დაკავშირებული საქმის მოსმენა ბათუმის სასამართლოში ისევ გრძელდება.


„ლუხუმ კაპანაძე, სერგი კაკალაშვილი, პაატა დათიშვილი, გივი თევზაძე, გოჩა კურტანიძე, თამაზ კაპანაძე, თამაზ მღებრიშვილი“, – ამ პირებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა 26 სექტემბერს ჩაატარა. იმ დღეს მოსამართლეს პროკურორმა და ადვოკატმა აცნობეს, რომ თამაზ მღებრიშვილთან საპროცესო გარიგებას აფორმებენ, ამიტომაც „კაპანაძისა და სხვათა მიმართ“ საქმიდან ბრალდებულ მღებრიშვილის საქმის ცალკედ გამოყოფა ითხოვეს.


მოსამართლემ ადვოკატ შოთა ბოლქვაძის და პროკურორ გელა კუჭაშვილის ერთობლივი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს შორის იმავე დღეს სხვა მოსამართლემ, გოჩა ფუტკარაძემ დაამტკიცა.


რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ დათანხმდა პროკურატურა თამაზ მღებრიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქმის პროკურორს გელა კუჭაშვილს მიმართა.


„ინფორმაცია, როგორც ასეთი, არაფერი მოუწოდებია. ფაქტობრივად დადგენილია, რომ მას [თამაზ მღებრიშვილს] ამ გადაწყვეტილებით [ქარხნის იაფად გაყიდვა] სარგებელი არ მიუღია. ადამიანი ნასამართლევი არ არის. თან იცოდა მაგან, რომ კაკალაშვილები და კაპანაძეები სარგებლობდნენ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით. აღიარებს, რომ არ უნდა გამეტანა ამ ციფრებში ქარხანა აუქციონზეო“.

 

რა კრიტერიუმებით ისარგებლა პროკურატურამ, როცა თამაზ მღებრიშვილის 50 ათასი ლარით დაჯარიმება გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც მისი ქმედებით სახელმწიფომ მინიმუმ 3 233 856 ლარი იზარალა? – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პროკურორი გელა კუჭაშვილი განმარტავს:

 

„ასე გადაწყდა ხელმძღვანელობასთან, ბატონ ანზორთან [ანზორ უსტიაძე – აჭარის პროკურატურა – ავტ.] შეთანხმებით… კი იცით ახლა, ამ გარიგებიდან სარგებელი მღებრიშვილს არ მიუღია. მისი უძრავ-მოძრავი ქონება – ყველაფერი დაყადაღებული გვაქვს. ერთი რამ შეიძლება დავაფიქსირო, კაკალაშვილი და კაპანაძე რომ გამოცხადდენ ძიებასთან, ზიანს, რაც არის, თუ არ აანაზღაურებენ, არ გაუფორმდებათ საპროცესო. ეს არის გადაწყვეტილი ყველგან, პროკურატურაში“.

 

თითქმის ერთი თვის წინ ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მოხელეს – აბესალომ გურგენიძეს გაუფორმა. აბესალომ გურგენიძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ძიების ვერსიით, აბესალომ გურგენიძესა და თამაზ მღებრიშვილს ბიზნესმენები სერგი კაკალაშვილი და ლუხუმ კაპანაძე სახელმწიფო თანამდებობის პირების ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდნენ და აცნობეს, ქიმიურ ფარმაცვეტული ქარხნის შესყიდვას რომ აპირებდნენ. „ავტორიტეტულ პირად“ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სახელდება.

 

თავის მხრივ გურგენიძემ ძიებას განუმარტა, რომ დოკუმენტების მომზადება მას თამაზ მღებრიშვილმა დაავალა.

 

დაავალა თუ არა ქარხნის იაფად გაყიდვა თამაზ მღებრიშვილს ვანო მერაბიშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი პროკურორ გელა კუჭაშვილს თამაზ მღებრიშვილისგან უნდა მიეღო. პროკურორის განმარტებით, „თამაზ მღებრიშვილმა თქვა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ კაპანაძისა და კაკალაშვილის უკან ვინ იდგაო – ამიტომ დათანხმდა ამ საქმის გაკეთებას“.

 

4 344 856 ლარად შეფასებული „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული“ ქარხნის  1 111 000 ლარად გაყიდვის გამო აჭარის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პროკურატურამ 2013 წლის თებერვალში დააკავა. ქარხანა ვანო მერებიშვილის მეგობარმა, ლუხუმ კაპანაძემ შეისყიდა.

 

ლუხუმ კაპანაძე და მასთან დაახლოებული სხვა პირები ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ უცხოეთში იმყოფებიან.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა, ლუხუმ კაპანაძემ თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე გადაყიდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი