ახალი ამბები

“პარტიზანული მებაღეობა” რეკრეაციული ტერიტორიების გასხვისების შეჩერებას ითხოვს [ვიდეო/ფოტო]

30 სექტემბერი, 2013 • 1792
“პარტიზანული მებაღეობა” რეკრეაციული ტერიტორიების გასხვისების შეჩერებას ითხოვს [ვიდეო/ფოტო]

აქციაზე მისვლა ადამიანებმა 6 საათიდან დაიწყეს. ორგანიზატორების თქმით, ერთი საათის განმავლობაში 250-მა ადამიანმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მთელს საქართველოში მწვანე საფარის განადგურებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ. “პარტიზანული მებაღეობის” წევრის, ნატა ფერაძის თქმით, იქამდე, სანამ არ დაიხვეწება კანონმდებლობა და სამთავრობო უწყებები უპირატესობას არ მიანიჭებენ მწვანე საფარს ინვესტორებთან შედარებით, რეკრეაციული დანიშნულების ტერიტორიები არ უნდა გასხვისდეს. 

 

 

ნატა ფერაძის თქმით, “პარტიზანული მებაღეობა” კვირაობით ვერის ბაღში პერმანენტულ აქციებს გამართავს. მოქალაქეთა გაერთიანებამ წერილი დაწერა პრეზიდენტის, პრემიერისა და მინისტრების სახელზე:

“საქართველოს პრეზიდენტს 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს 
საქართველოს მთავარ პროკურორს 
ქ. თბილისის მერს 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს
საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების თვითმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს.

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. 90–იანი წლებიდან დღემდე ქვეყანაში მასიურად ნადგურდება ტყის საფარი, იჭრება ხეები, ხორციელდება ბაღების, პარკების, სკვერებისა და სხვა რეკრეაციული ზონების განადგურება (უმეტესწილად, ამ ტერიტორიების გასხვისება ხდება შემდგომში მშენებლობის განხორციელების მიზნით). დარღვეულია დადგენილი კოეფიციენტები მწვანე საფარის მინიმალური ფართობის თვალსაზრისით ერთ სულ მოსახლეზე (საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულია 10– 15 კვ.მ ერთ სულ მოსახლეზე), სამართლებრივი სტატუსი ეხსნება მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრისა და მე–20 საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბაღებს, პარკებს, სკვერებს და სხვა რეკრეაციულ ზონებს, რაც უახლოეს მომავალში ტოტალურ ეკო–კოლაფსამდე და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებამდე მიგვიყვანს.

მოვითხოვთ, შეჩერდეს მწვანე საფარის განადგურება, გამწვანებული ტერიტორიების გასხვისება და მათზე სამშენებლო ნებართვების გაცემა, მოხდეს უკვე გაცემული ნებართვების მოქმედების შეჩერება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, და გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, დაინტერესებული ფიზიკური პირებით და სხვა.

აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემუშავდეს არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებისა და ქალაქგეგმარების პროცესში ურბანისტიკის წესების თანამედროვე, დასავლური სტანდარტებით მართვის გეგმა და განხორციელდეს სათანადო საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი