ახალი ამბებიეკონომიკა

ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული – Forbes-ის 2018 წლის სია

7 მარტი, 2018 • 5400
ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული – Forbes-ის 2018 წლის სია

Forbes-მა 32-ედ გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სია. 2018 წლის ყველაზე მდიდრების სიაში 72 ქვეყნის 2 208 მილიარდერი მოხვდა. ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში წელს პირველად მოხვდა უნგრეთისა და ზიმბაბვეს წარმომადგენლებიც. Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტი, 585 მილიარდერი აშშ-ს ჰყავს. 373 მილიარდერით მეორე ადგილზე ჩინეთია. სიაში მოხვედრილი მილიარდერების მთლიანი ქონების ღირებულება 9.1 ტრილიონი დოლარია.

2018 წლის Forbes-ის რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის 12 თვეში Amazon-ის აქციების ფასი 59%-ით გაიზარდა. შედეგად, მისი მფლობელის  ქონებამ 39.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ამჟამად ბეზოსი 112 მილიარდ დოლარს ფლობს.

მე-2 ადგილზე 90 მილიარდი დოლარით ბილ გეითსია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება, წინა წელთან შედარებით ერთი მილიარდით გაიზარდა. 1975 წელს ბილ გეითსმა პოლ ალენთან ერთად კომპანია Microsoft დააფუძნა. 2017 წელს ბილ გეითსი 89 მილიარდი დოლარით Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.

მე-3 ადგილს სიაში უორენ ბაფეტი 84 მილიარდი დოლარით იკავებს. ის Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი და ყველაზე დიდი აქციონერია. Berkshire Hathaway 60-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. 87 წლის ბიზნესმენმა პირველი აქცია 11 წლის ასაკში იყიდა.

მე-4 ადგილზე 72 მილიარდი დოლარით ფრანგი ბიზნესმენი ბერნანდ არნოლტია. 69 წლის მილიარდერი დაახლოებით 70 მდიდრული ბრენდის, მათ შორის, Louis Vuitton-ის მფლობელია. ის ევროპაში ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა. Christian Dior-ის შეძენით კი არნოლტის ქონება 30.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

მე-5 ადგილზე 71 მილიარდი დოლარით მარკ ცუკერბერგია. 33 წლის მილიარდერი სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელია. მარკმა კომპანია 19 წლის ასაკში 2004 წელს დააფუძნა. მარკ ცუკერბერგის ქონება 2017 წელსაც 71 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი სოციალური ქსელის შემოსავალმა 2017 წელს 41 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მე-6 ადგილს რეიტინგში 70 მილიარდი დოლარით ამანსიო ორტეგა იკავებს. ზარას დამფუძნებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ესპანელი ბიზნესმენი Massimo Dutti-ს, Pull and Bear-სა და სხვა ბრენდებსაც ფლობს. ამანსიო ორტეგას კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 7 500 მაღაზიას აქვს. Forbes-ის თანახმად, 81 წლის ამანსიო ორტეგა წლიურად დივიდენდის სახით 400 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს იღებს.

მე-7 ადგილზე 67.1 მილიარდი დოლარით კარლოს სლიმ ელუა. მილიარდერი სატელეკომუნიკაციო კორპორაციის, America Movil-ის მეპატრონეა. კომპანია ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. სლიმმა 1990 წელს მექსიკის ერთადერთ სატელეფონო კომპანია Telmex-ში წილი იყიდა. ახლა Telmex არის America Movil-ის ნაწილი. Forbes-ის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, სლიმის ქონება დაახლოებით 12 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-8 ადგილს ჩარლზ კოხი იკავებს. 82 წლის ამერიკელი მილიარდერი 60 მილიარდ დოლარს ფლობს. ჩარლზ კოხი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის,  Koch Industries-ს უდგას სათავეში. კომპანია ნავთობის ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

მე-9 ადგილს ჩარლზის ძმა დევიდ კოხი ასევე 60 მილიარდი დოლარით იკავებს. Forbes-ის ინფორმაციით, დევიდი Koch Industries-ის დიდი ნაწილის მფლობელია. კომპანიის წლიური შემოსავალი, Bloomberg-ის თანახმად, 100 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულს ლარი ელისონი 58.5 მილიარდი დოლარით ასრულებს. ამერიკელი ლარი ელისონი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Oracle-ის თანადამფუძნებელია. Oracle-მა 2010 წელს კომპიუტერის ნაწილების წარმოებაც დაიწყო, როცა ერთ-ერთი კომპანია Sun Microsystems 7.4 მილიარდად შეიძინა.

საქართველოდან Forbes-ის რეიტინგში მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა.  4.6 მილიარდი აშშ დოლარით ბიძინა ივანიშვილი 456-ე ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი