ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16%-ს მოსწონს ლევან ვასაძე, 21%-ს – არ მოსწონს, 19%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 37%-ს არ სმენია მის შესახებ.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლუის ნავარო განმარტავს “ნეტგაზეთთან” საუბარში, თუ რატომ არის ბიზნესმენი, არაპოლიტიკოსი ლევან ვასაძე პოლიტიკურ რეიტინგებში:
პოლიტიკური რეიტინგებში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა NDI-მ, რატომ არის შესული ლევან ვასაძე, რომელიც არ არის პოლიტიკოსი?
მიზეზი, რატომაც ლევან ვასაძე არის ჩვენს – “მოგწონთ თუ არ მოგწონთ” კითხვაში ჩასმული, არის ის, რომ წლის დასაწყისიდან, როდესაც ბატონი ლევან ვასაძე დაბრუნდა საქართველოში, მან დააფიქსირა თავისი მოსაზრება საქართველოს პოლიტიკის შესახებ, ასევე, გამოთქვა ღიაობა პოლიტიკაში წასვლის შესახებ, თუმცა ამ დრომდე არ შეერთებია არც ერთ პარტიას ან არ დაუწყია აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა ამ ყველაფრის გამო, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზომა ბატონი ლევან ვასაძის მოწონების მაჩვენებელი.
ამავე ლოგიკით პოლიტიკურ ჭრილში სხვა ცნობილ სახეებსაც გაუკეთებიათ საქართველოში განცხადებები, მაგალითად, საუბარი იყო იმაზეც, რომ შეიძლება პაატა ბურჭულაძე გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ძალიან ხშირად ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და უწევენ მხარდაჭერას კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რატომ არ იზომება მათი რეიტინგებიც?
ბატონ ბურჭულაძეს რაც შეეხება, მან გადაჭრით თქვა, თავად განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვიცავთ, ვინც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ არის მიზეზი ჩვენს კვლევაში მოხვედრისა. ბატონმა ვასაძემ დააფიქსირა და არ უარუყვია მისი ღიაობა პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ამიტომ ჩვენ ჩავსვით ბატონი ლევან ვასაძე და არა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, თუმცა გადაჭრით არ ადასტურებენ პოლიტიკაში წასვლას და არ უარყოფენ, როდესაც ამ შეკითხვას უსვამენ.
და ბატონი ლევან ვასაძის განცხადებაც იყო, რომ ის არ აპირებს ამ ეტაპზე პოლიტიკაში შემოსვლას და ახლაც, როდესაც ის პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამოჩნდა რამდენიმე შეხვედრაზე, იყო ხაზგასმა, რომ ის არის ბიზნესმენი, რომელიც უბრალოდ მეგობარია პრეზიდენტობის კანდიდატის.
ის მონაწილეობს მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში? მე ამის შესახებ არ ვიცოდი.
მარგველაშვილთან ერთად რამდენიმე საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდა, თუ არ ვცდები, სამი ასეთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ისინი ერთად მონაწილეობდნენ.
მით უმეტეს, თუ იგი პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და მასთან ერთად ჩნდება ხოლმე, მაშინ ვიტყოდი, რომ ის ჩართულია საპრეზიდენტო კამპანიაში და შესაძლებელია მის გამოჩენას რაიმე ზეგავლენაც კი ჰქონდეს კამპანიის ეტაპზე, ამიტომ, დიახ, მე ვიტყოდი, რომ ის ჩართული არის პოლიტიკაში და მონაწილეობს.
ჩემი კითხვა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის არ მონაწილეობს ამ საარჩევნო კამპანიაში, ის იყო რამდენიმე შეხვედრაზე მარგველაშვილთან ერთად, როგორც მისი მეგობარი და ბიზნესმენი.
უკაცრავად, მაგრამ ბატონი ლევანი მონაწილეობს კამპანიაში მარგველაშვილთან ერთად, გამოდის სიტყვით, თუმცა ამასთან ერთად ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოღვაწეობა?
ამავე ლოგიკით, მაგალითად, სპორტსმენი ნონა გაფრინდაშვილი პირდაპირ მონაწილეობდა ნინო ბურჯანაძის საარჩევნო აქტივობებში, მაგრამ მისი პოლიტიკური რეიტინგები არასდროს გაუზომავთ.
ამასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი იქნებოდა ის, რომ ბატონი ვასაძე არის მეორე ადამიანი ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსები გააჩნია და პოლიტიკაში წასვლის ღიაობა დაადასტურა, ან განაცხადა, ყოველ შემთხვევაში. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის გამოჩენას პოლიტიკაში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა დასაწყისში და მეტწილად ეს იყო მისი ფინანსების გამო, ასევე, შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ვასაძის განცხადებასაც , ამიტომ არის ის ჩვენს კვლევაში.

ლუის ნავაროს განმარტება, თუ რატომ ფიგურირებს NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებში პატრიარქი ილია მეორე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.







