ახალი ამბები

ნავარო განმარტავს, რატომ ფიგურირებს პატრიარქი პოლიტიკურ რეიტინგებში

26 სექტემბერი, 2013 •
ნავარო განმარტავს, რატომ ფიგურირებს პატრიარქი პოლიტიკურ რეიტინგებში

 NDI-ს კითხვაზე, რომელიც შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: “მოგწონთ თუ არ მოგწონთ?”, კვლევაში  პატრიარქის რეიტინგი 94%-ია.

 

წინა კვლევით, რომელიც ივლისში ჩატარდა ილია მეორე გამოკითხულთა 92%-ს მოსწონდა. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა პატრიარქს მარტის კვლევის მონაცემებითაც.

 

კითხვაზე, რატომ ფიგურირებს პატრიარქი პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევაში,  NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლუის ნავარო ამბობს:

 

“ჩვენს კვლევებში, კითხვაზე- მოგწონთ/არ მოგონთ, პატრიარქი ყოველთვის არის ხოლმე, ვინაიდან ის არის ფიგურა, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებებს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებაში.”

 

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, პატრიარქის შემდეგ ყველაზე მოწონებადი პერსონა ბიძინა ივანიშვილია 69%-ით. დავით უსუფაშვილი- 60%-ით და გიორგი მარგველაშვილი – 56%.

 

ოპოზიციიდან ყველაზე მოწონებადია დავით ბაქრაძე – 49%-ით, გიორგი თარგამაძე – 36%-ით, სალომე ზურაბიშვილი და შალვა ნათელაშვილი – 34-34%-ით და ნინო ბურჯანაძე – 33%-ით. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 26%-ს მოსწონს.

 

რაც შეეხება კითხვას, “როგორ შეაფასებდით საქმიანობას”, აქაც ილია მეორე ლიდერობს. გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ “ძალიან კარგად” აფასებს პატრიარქის საქმიანობას, 17%-მა კი, თქვა რომ “კარგად”. ამავე კითხვით, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა შეფასებულია ასე: “ძალიან კარგად” 19% და “კარგად” 35%; დავით უსუფაშვილი – “ძალიან კარგად” – 4% და “კარგად” – 27%. 

 

NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდეტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 

მასალების გადაბეჭდვის წესი