ახალი ამბები

რა პრობლემებს წარმოშობს დაგროვებითი პენსიის რეფორმა – NGO-ების შეფასება

1 მარტი, 2018 • 2513
რა პრობლემებს წარმოშობს დაგროვებითი პენსიის რეფორმა – NGO-ების შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაციებს “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ.

ერთ-ერთი შენიშვნა რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტს (RIA) ეხება. RIA-ის მეშვეობით ბიზნესთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების  გავლენის წინასწარი შეფასება ხდება.  “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ “ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან”.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, რეგულირების გავლენის შეფასების გამოყენებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დამსაქმებელთა დავალდებულება, სავალდებულო წესით საპენსიო ფონდში მიმართოს 40-წლამდე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების 2%, ფაქტობრივად, გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც აქციზის გარდა ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

მათივე განცხადებით, პენსიის დაგროვების შემოთავზებული მოდელი ე.წ ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის. მათი ინფორმაციით, დასაქმებულთა 58.4%  40 წლის და მეტი ასაკის ადამიანები არიან, რომლებზეც საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება. შედეგად,  სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 10.5%-ზე გავრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტით იზრდება საგადასახადო ტვირთი დასაქმებაზე, რაც გააძვირებს სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებს დასაქმებაზე. მათი შეფასებით, ეს  ბიზნე გარემოზე უარყოფითად აისახება. ორგანიზაციების მტკიცებით, საპენსიო რეფორმამ შეიძლება გამოიწვიოს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისება.

“ღირსეულ პენსიის” აღების საშუალებას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1000 ლარია. ეს ნიშნავს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში, თუ დავუშვებთ რეალური ხელფასის ყოველწლიურად 5%-ით ზრდას და რეალურ 5%-იან საინვესტიციო შემოსავალს, პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხიდან ყოველთვიური პენსია (15 წელზე) 210 ლარი იქნება.

მთავრობის განცხადებით, დღევანდელი პენსია (180 ლარი) მინიმუმ დღევანდელი ღირებულებით შენარჩუნდება. გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ საშუალო პენსია იქნება 390 ლარი თვეში, რაც, საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარში 25 წლის საშუალო ხელფასის 20%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 12%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. დღეს ჩანაცვლების საშუალო კოეფიციენტი 18%-ია.   ასევე, დღეს რეალობაა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელფასი თვეში 500 ლარი ან უფრო ნაკლები აქვს.  ზემოთ მოცემული დაშვებებით, მათ 25 წლის შემდეგ პენსია თვეში 306 ლარი ექნებათ, რაც საშუალო ხელფასის 25.5%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 15%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. ამჟამად ჩანაცვლების კოეფიციენტი არის 30%,” – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ,  ერთი კონკრეტული ქვეყანა მაინც დაასახელოს, რომლის  გამოცდილებასთანაც  საქართველოს საპენსიო მოდელი ყველაზე ახლოს იქნება. მათი განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა (მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი).

“სახელმწიფო ბიუჯეტს ემატება მნიშვნელოვანი ტვირთი (1-2%-იანი კონტრიბუცია საპენსიო სქემაში). ეს იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში ნარჩუნდება დღევანდელი საპენსიო ხარჯები და რომლის 20-30 წლის განმავლობაში მხოლოდ დაბალი ტემპით ზრდა (მსყიდველობითი უნარით თვიური პენსიის 180 ლარზე შენარჩუნება), დღევანდელი სოციალური ფონისა და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეალურად შეუძლებლად მიგვაჩნია. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემით ფისკალური რისკების შემცირება სოციალური პენსიის ზრდის შენელებით ხდებოდა, რისი მზადყოფნის დეკლარირებაც მთავრობის მხრიდან არ მომხდარა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების ინფორმაციით, სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას შორის კონსენსუსი არ არის. კიდევ ერთი შენიშვნა სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთის ზრდას შეეხება, რაც ბიუჯეტის 1-2%-ის საპენსიო სქემაში შენატანს გულისხმობს.

“როდესაც ბიუჯეტში ნარჩუნდება დღევანდელი საპენსიო ხარჯები და რომლის 20-30 წლის განმავლობაში მხოლოდ დაბალი ტემპით ზრდა (მსყიდველობითი უნარით თვიური პენსიის 180 ლარზე შენარჩუნება), დღევანდელი სოციალური ფონის და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეალურად შეუძლებლად მიგვაჩნია. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემით ფისკალური რისკების შემცირება სოციალური პენსიის ზრდის შენელებით ხდებოდა, რისი მზადყოფნის დეკლარირებაც მთავრობის მხრიდან არ მომხდარა,” – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციების კიდევ ერთი შენიშვნა სოციალური უთანასწორობის ზრდის ხელშეწყობას შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ მომავალში სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს თანხობრივად უფრო მეტ კონტრიბუციას გაუკეთებს პენსიაში, ვიდრე უმუშევრებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, თანაბარ პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს რეკომენდაციით მიმართვენ, არ მიიღონ კანონი, სანამ  რეგულირების გავლენის შეფასებაზე კვლევა არ ჩატარდება. მათი განცხადებით, სამუშაო ძალის გაძვირებისა და უმუშევრობის წახალისების თავიდან აცილების მიზნით, საპენსიო შენატანის განხორციელება საშემოსავლო გადასახადის შემცირებით უნდა მოხდეს.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ:

  • საეთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • PMC კვლევითი ცენტრი;
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
  • ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC).

ორგანიზაციების გარდა ხელს აწერენ ეკონომისტები- ირაკლი ყიფიანი და გიორგი პაპავა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება.დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. 2%-ს გადაიხდის სახელმწიფოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი