ახალი ამბები

გუნავა: პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებული პირები უხეშად ერევიან თხილის ბიზნესში

23 სექტემბერი, 2013 • 1357
გუნავა: პრემიერის გარემოცვასთან დაახლოებული პირები უხეშად ერევიან თხილის ბიზნესში

“სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თხილის ფასის დაწევა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული პირების უხეში ჩარევით ადგილობრივ ბიზნესში”, – აცხადებს გუნავა.

 

მისი თქმით, 21 სექტემბერს ზუგდიდში იმყოფებოდა ორგანიზაცია „მსოფლიო ტექნიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ბრეგვაძე, რომელიც, როგორც გუნავა აცხადებს, “პრემიერ-მინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენია”.

 

“ზვიად ბრეგვაძემ შეკრიბა ადგილობრივი თხილის შემსყიდველი ბიზნესმენები და მათ ორი მკაცრი მითითება მისცა: თხილის შესყიდვის ფასის დაწევისა და დიდი რაოდენობით თხილის მხოლოდ და მხოლოდ ზუგდიდის ერთ თხილის ქარხანაში ჩაბარების შესახებ, რომელსაც ზუგდიდელები „ივანიშვილის ქარხანას“ უწოდებენ. 21 სექტემბერს ჩატარებულ „თათბირს“ კი მოჰყვა ის, რომ მეორე დღესვე თხილის შესასყიდმა ფასმა საგრძნობლად დაიწია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს”, – აცხადებს თენგიზ გუნავა.

 

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

მისი თქმით, თხილის მოსავლის რეალიზაციის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია სამეგრელოს მოსახლეობისთვის:

 

“მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები ადგილობრივ ბიზნესში მსგავსი მეთოდებით ჩარევის აღსაკვეთად”, – ამბობს თენგიზ გუნავა.


გუნავას თქმით, თხილის საბაზრო ღირებულება დღითიდღე ეცემა: “სულ რაღაც სამი დღის წინ შესასყიდი ფასი 3.20 ლარი იყო, დღეს კი 2.80 გახდა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.”


ფასების ასეთ ვარდნას ის სამეგრელოში ბიზნესმენ ზვიად ბრეგვაძის ზემოთ აღნიშნულ ვიზიტს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი