ახალი ამბები

ექსპერტები: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია

27 თებერვალი, 2018 • 2479
ექსპერტები: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია

ექსპერტები ამბობენ, რომ რაც უფრო დიდხანს დაგვიანდება ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ქართული მხარისთვის, მით უფრო რთული იქნება გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და დაზიანებების აღმოჩენა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ და დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადეს.

ოსური მხარის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ღამით გარდაიცვალა, თუმცა დღემდე, 27 თებერვლამდე, ქართულ მხარეს მისი ცხედარი ექსპერტიზისთვის არ გადმოსცემია. როგორც ახალგორის გამგებელი განმარტავს, ეს შესაძლოა განზრახ ხდება, რათა ქართულ მხარეს სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენა გაუჭირდეს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დამოუკიდებელ ექსპერტებს, რათა გაერკვია, თუ რამდენად იმოქმედებს ცხედრის გადმოცემის გადავადება ექსპერტიზის შედეგებზე.

როგორც ექსპერტიზის ცენტრის, “ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებში ინახება გვამი: 

“გაკვეთამდე და გაკვეთის შემდეგ მიცვალებული სპეციალურ მაცივარში სპეციალურ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს, რათა არ განვითარდეს ლპობითი პროცესები და  განმეორებით საექსპერტო კვლევას პრობლემა არ შეექმნას”.

გეჯაძის თქმით, რადგან ოსური მხარე ამბობს, რომ ისინი ცხედრის დამატებით ექსპერტიზას რუსეთში გეგმავენ, მნიშვნელოვანია, ის მაცივარში იყოს შენახული. როგორც ექსპერტი ამბობს, თუ ეს ასე არ არის და გვამს ბალზამირება გაუკეთდა, შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, იყო თუ არა გარდაცვლილის ორგანიზმში საწამლავის კვალი, ან რაიმე სახის დაზიანება.

ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, ოსური მხარე ცხედრის დაბრუნებას აპირებს მხოლოდ ექსპერტიზის დასვკნასთან ერთად, რაც, თავის მხრივ, გაწელავს ცხედრის დაბრუნების პროცესს, ვინაიდან შინაგანი ორგანოებიდან აღებული მონაცემების დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება.

“ოსური და რუსული მხარეები ამბობენ, რომ მათი ვერსიით ტატუნაშვილი გულით გარდაიცვალა. შინაგანი ორგანოების ნაჭრები ჰისტოპათომორფოლოგიურ ანუ მიკროსპკოპულ გამოვკლვევაზე ორივე შემთხვევაში უნდა იყოს აღებული, რადგან, ვიზუალური კვლევის გარდა, გულისმიერი სიკვდილის დასადასტურებლად აუცილებლია, რომ ოსეთმა და რუსეთის საექსპერტო სტრუქტურებმა ჩაატარონ გულის, ფილტვების, თავის ტვინის და ა.შ. მიკროსპოული კვლევა. ასეთ კვლევას, სულ მინიმუმ, რაც უნდა ფორსმაჟორული სიტუაცია იყოს, 5-6 დღე მაინც სჭირდება. 1-2 დღეში ჩატარებული ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევა არ იქნება აკადემიური თვალსაზრისით გამართული”, – უთხრა გეჯაძემ “ნეტგაზეთს”.

ექსპერტის თქმით, თუ ოსური მხარე გვამის გადმოცემას ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად აპირებს, ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევის ჩატარებას 4-5 დღე დასჭირდება. თუ აღნიშნული კვლევის ჩატარება რუსეთში გადაწყდა, მაშინ პროცესი დაახლოებით ორ კვირამდე გაიწელება.

ალექსანდრე გეჯაძის ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტებიც იქნებიან მათ შორის, რომლებმაც  ცხინვალიდან გადმოსვენების შემდეგ ტატუნაშვილის ცხედარზე,ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ.

“ოსური მხარე ამბობს, რომ მიცვალებული კიბეზე დაგორდაო. სწორედ ექსპერტის კომპეტენციაა კიბეზე დაგორებისა და ცემისას მიღებული დაზიანებების გამიჯვნა. ჩვენ მაღალი ალბათობით შეგვიძლია გავმიჯნოთ, მიიღებდა თუ არა ეს პიროვნება ამ დაზიანებებს ერთჯერადი დაცემით სიცოცხლეში, თუ სიცოცხლის შემდეგ.  თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში ინახება ახლა გვამი”, – ამბობს გეჯაძე. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ცხინვალსა და რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზა, არამედ თავად გვამის გადმოცემა, რათა მასზე ექსპერტიზა დროულად და შედეგიანად ჩატარდეს.

დროის ფაქტორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილიც . თუმცა მან “ნეტგაზეთთან”საუბრისას ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა, ვინაიდან, მისი თქმით, დაზუსტებით არ იცის, როგორია ცხედრის შენახვის პირობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მონაცემები უკვე აღებულია.

“ის მიკროპრეპარატები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზის შედეგად აღებულია, ეს პრეპარატები სამუდამოდ შენახულია, თუმცა, ვერ გეტყვით, წვდომა გვექნება თუ არა ჩვენ მათთან. მაგრამ ისინი ხანგრძლივად ინახება. გარდა ამისა, თუ მათ მაცივარი აქვთ, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. უცხოეთში ხდება ხოლმე გარდაცვალება და სანამ ჩამოასვენებენ, დაახლოებით იგივე დრო გადის” – განმარტავს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი ამბობს, ზაფხული რომ იყოს, გვამის ლპობის პროცესი უფრო ინტენსიური იქნებოდა და მას ექნებოდა უფრო მეტი საშუალება ეფიქრა, რომ გვამს კვალის წასაშლელად აყოვნებენ.

“ზამთარი რომ არის, ცოტა მიჭირს იმის თქმა, რომ ეს კვალის წასაშლელად ხდება,” – განუცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “ნეტგაზეთს”.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, მათ ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მათივე თქმით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ქართული მხარე დღემდე უშედეგოდ ელოდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


მასალების გადაბეჭდვის წესი