ახალი ამბები

გამგებელი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, შესაძლოა, ძალით ჭიანურდებოდეს

26 თებერვალი, 2018 • 1745
გამგებელი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, შესაძლოა, ძალით ჭიანურდებოდეს

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესაძლო განგებ გაჭიანურებაზე საუბრობს.

როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შესაძლებელია, ცხედრის გადმოსვენებას ძალით აჭიანურებენ იმისათვის, რომ სამხარაულის ექსპერტიზას სიკვდილის მიზეზის დადგენა გაუჭირდეს.

“არ არის გამორიცხული. ყველაფერი არის მოსალოდნელი და არც ესაა გამორიცხული. ძალიან ბევრი რაღაცის თქმისგან თავს ვიკავებ და ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ, სანამ ცხედარი არ გადმოგვეცემა,” – განმარტა მან.

გამგებლის თქმით, მას არ სჯერა, რომ ტატუნაშვილმა ცხინვალის რეგიონში რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, მათ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

“რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი