“მატყუარა პროკურორ რევაზ ნადოის, ვითომ შეუძლოდ რომ გახდა და პროცესებზე არ გამოცხადდა, მისამართი მოვიპოვე, დავადექით სახლში და გარეთ დაგვხვდა შორტებით და შლოპანცებით, პორშეს ათვალიერებდა, ალბათ იმდენი პრემია მიიღო, ყიდვას აპირებს. როგორც კი დაგვინახა, ეგრევე ვირთხასავით შეძვრა სახლში, გამოვიდა ვიღაც ქალი და წნევა აქვს და ცუდად არის, ფეხზე ვერ დგებაო. აბა, ეს ვინ იყო- მეთქი, მისი ძმა იყოო. უცებ მოვიდა 5 პატრულის მანქანა და 4 ოპერატიული, დაბურული მინებით, მიაყენეს სახლთან, უნდოდათ გაეპარებინათ, მივადექი ვიდეოკამერით, უცებ პატრული იძახის, ახალაიას ცოლი მოდისო და ჩახტა ყველა მანქანაში და გაიქცა”, – წერს ანი ნადარეიშვილი საკუთარ facebook გვერდზე. აქვე მან პროკურორის სახლთან გადაღებული ვიდეოებიც განათავსა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ვიდეოები არაფერს არ ამტკიცებს, ხოლო პროკურორის ავადმყოფობა დოკუმენტებით დასტურდება:
“რეზო ნადოის ავადმყოფობასთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, გამოძახებული იქნა სასწრაფო, ადამიანს ჰქონდა მაღალი წნევა და მაღალი შაქარი. არავის არ უთქვამს, რომ ის ფეხზე ვერ დგება და გადაადგილება არ შეუძლია. ის შეუძლოდ იყო და როდესაც გამოჯანმრთელდება, დაუბრუნდება სამსახურს. ეს ვიდეოები ნამდვილად არ არის რაიმეს მამტკიცებელი დოკუმენტი. ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ ის, რომ რეზო ნადოი ავად გახდა, დოკუმენტურად დადასტურებულია და დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მომართოს პროკურატურას, ჩვენ მივაწვდით ინფორიაციას ამის შესახებ”, – განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.
ახალაიას საქმეზე, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტს ეხება, პროკურორი რეზო ნადოი გუშინ პროკურორმა ია დარჯანიამ შეცვალა. იმის გამო, რომ ახალმა პროკურორმა საქმის მასალების გასაცნობად გონივრული ვადა მოითხოვა, პროცესი, რომელიც გუშინ 19 სექტემბერს იყო ჩანიშნული, 30 სექტემბრისთვის გადაიდო.