ახალი ამბები

“ქართული მარშის” აქცია თბილისში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ

22 თებერვალი, 2018 • 6060
“ქართული მარშის” აქცია თბილისში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ

ე.წ. ქართულმა მარშმა დღეს თბილისში მორიგი მსველობა/აქცია გამართა ცნობილი ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის და მის მიერ დაფუძნებული ფონდის წინააღმდეგ.

დემონსტრანტები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან  ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მოითხოვენ, ფონდმა არ დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები, გარდა ისეთი პროექტებისა, რომლებიც კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობას და რესტავრაციას ეხება.

სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა, რომლის შენობის წინაც დღეს აქცია იმართება, 2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ. ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ

ეს ქართული მარშის პირველი აქცია არ არის თბილისში ჯორჯ სოროსის და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წინააღმდეგ. ნაციონალისტურმა ძალებმა აქცია სექტემბერშიც გამართეს, რა დროსაც ჯერ ფონდის შენობას პიროტექნიკა ესროლეს, ხოლო შემდეგ თბილისის ამჟამინდელი მერის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს. “ქართული მარში” კალაძისგან ითხოვდა “მიწის გაყიდვის თემაზე” პოზიციის დაფიქსირებას.

ე.წ. ქართული მარშის აქცია ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ. 22.02.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი