ახალი ამბები

ჩხენკელი: ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტები განათლების გარეშე არ დარჩებიან

21 თებერვალი, 2018 • 4129
ჩხენკელი: ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტები განათლების გარეშე არ დარჩებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაეხმარება ავტორიზაციაშეჩერებული სასწავლებლების სტუდენტებს, მობილობით გადავიდნენ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მაღალი აკადემიური ხარისხი. ჩხენკელის თქმით, რამდენიმე უნივერსიტეტს სწორედ  ხარისხის დონიდან გამომდინარე შეუჩერდა ავტორიზაცია:

“რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა აკრედიტაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მე მინდა პირველ რიგში მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული სასწავლებლების სტუდენტებს.

მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ სასწავლებლებს შეუჩერდათ ავტორიოზაცია, მაგრამ მინდა ყველა სტუდენტს ვუთხრა, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გმაოცხადდება მოობილობის პროცესი მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მათ საშუალება ექნებათ თავისი სურვილისამებრ გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში” – ამბობს მინისტრი.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო და განათლების ხარისხის ცენტრი სტუდენტებს კონსულტაციას გაუწევს და უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაცია ექნება, რათა ყველა სტუდენტმა სწავლა ავტორიზებულ სასწავლებელში გააგრძელოს.


 

აკრედიტაციის საბჭომ 2018 წელს ორ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმა. დეკემბერში ავტორიზაცია გაუუქმდა ამერიკის ბიზნესის აკადემიას ადმინისტრაციის მოთხოვნით.  მიმდინარე წელს კი ავტორიზაცია „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას გაუუქმეს. ორივე სასწავლებელში დაახლოებით 500-მდე სტუდენტი სწავლობს.

აკრედიტაციის საბჭომ 2018 წელს 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე.

აკრედიტაცია ვერ გაიარა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარკვეულმა პროგრამებმა. სულ 12-მა პროგრამამ. GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს განათლების სისტემა იყენებდეს, როგორც კონტროლის ინსტრუმენტს და საშუალებას უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შესამცირებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი