მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორის, “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია წლების განმავლობაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა, საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორება და ათასობით კურსდამთავრებულისთვის დიპლომის აღიარების პროცესის გამარტივება.

კანონპროექტი 3 ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს:

  1. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, აღიარებული იქნება.
  2. სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი, იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი, რომელიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
  3. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.

კანონპროექტის ავტორების დასაბუთებას, თუ რატომაა აუცილებელი აღნიშნული ცვლილებების მიღება, უცვლელად გთავაზობთ:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2004 წელს, რომელმაც გაითვალისწინა უმაღლესი განათლების სამ საფეხუროვან სისტემაზე გადასვლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აღნიშნულ სისტემაზე გადასასვლელად გარდამავალი პერიოდი განსაზღვრა. ამასთანავე, აღნიშნული კანონით შემოღებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სამართლებრივი ინსტიტუტი და განისაზღვრა უმაღლესი განათლების სამ საფეხუროვანი სისტემა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). აღნიშნულმა რეფორმამ, თავის მხრივ, განაპირობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე არსებულ პერიოდში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხის დასმა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების და გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების თაობაზე საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დასაზუსტებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.

კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნორმა არასრულყოფილია და არ განსაზღვრავს 2006-2007 ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების საკითხს. ამასთან, ნორმა შეიცავს მნიშვნელოვან შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობას. კერძოდ, ნორმის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ორმა მოქალაქემ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა ერთსა და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ მიენიჭათ ერთი და იგივე კვალიფიკაცია (იდენტური სწავლის შედეგი) და ერთი მათგანი სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში (ე.წ. დასწრებული), ხოლო მეორე ხუთი წლის განმავლობაში (ე.წ. დაუსწრებელი), 4 წლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულ იქნა ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო ხუთ წლიანი პროგრამის დასრულების შედეგად – მაგისტრის დიპლომთან. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიენიჭათ ერთი და იგივე კვალიფიკაცია (იდენტური სწავლის შედეგი) და განსხვავება გულისხმობდა მხოლოდ სწავლის ფორმას (დასწრებული, დაუსწრებელი), დიპლომების განსხვავებული რეჟიმით გათანაბრება არათანაბარ პირობებში აყენებს მოქალაქეებს და არ შეესაბამება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანი წლების დასასრულის ჩათვლით და მის შემდგომაც, დაუსწრებელი ფორმით სწავლის ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წლით აღემატებოდა იმავე სპეციალობის დასწრებული ფორმით სწავლის ხანგრძლივობას. ამასთან, ცალკეული მიმართულებების (პედაგოგიური, სახელოვნებო, საბუნებისმეტყველო) საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება ხორციელდებოდა (მაგ. სპეც. ეკონომიკა, ბიოლოგია, პედაგოგიკა) 4 წლის განმავლობაში (კონკრეტულ სპეციალობებში სახელმწიფო არ სთავაზობდა დასწრებული ფორმის კურსდამთავრებულებს ხუთწლიანი პროგრამებით სწავლას), ხოლო რიგი სპეციალობის პროფესიის დაუფლება (იურისტი) შესაძლებელი იყო მხოლოდ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოთხწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შედეგად გაცემული დიპლომის საფუძველზე უფლებამოსილი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (დღეს მოქმედ რედაქციამდე) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრული იყო, რომ დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. შესაბამისად, ოთხწლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად პირებს ეძლეოდათ შესაძლებლობა სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში და დღეს არსებული მდგომარეობით, რამდენადაც მათი დიპლომი უთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, მათ ერთმევათ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევებში, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცესში საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაციის არარსებობისას, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) განმცხადებლებს ვერ უწევს სრულფასოვან მომსახურებას, ვერ უთანაბრებს პირის განათლებას დღეს მოქმედ კვალიფიკაციებს/აკადემიურ ხარისხებს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პროგრამის ხანგრძლივობის მიუხედავად, სასამართლო სრულად აკმაყოფილებს პირის მოთხოვნას და მოთხოვნის შემთხვევაში, 4 წლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებულ დიპლომს ათანაბრებს მაგისტრის დიპლომთან. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულის მიუხედავად, რიგმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კანონის ამოქმედებამდე არსებული კვალიფიკაციები სტუდენტებს მიანიჭეს შემდგომ წლებშიც. სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაშვებული შეცდომა არ შეიძლება უარყოფითად აისახოს სტუდენტის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც სტუდენტს გააჩნდა კანონიერი ნდობა და სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, დიპლომების გათანაბრების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხი გავრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, რომელიც შეესაბამება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოიღო ინსტიტუციური აკრედიტაციის სამართლებრივი მექანიზმი. აღნიშნულ პერიოდამდე დაწესებულებები ფუნქციონირებდნენ მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონოდა ინსტიტუციური აკრედიტაცია იმისათვის, რომ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა აღიარებულიყო სახელმწიფოს მხრიდან.

ამდენად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ცენტრი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ კურსდამთავრებულთა დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, რომლებმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით ცენტრის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები ცხადდება ბათილად და ცენტრს უწევს სასამართლოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცესში იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც განათლების მიღება ნაწილობრივ განხორციელებულია არალიცენზირებულ დაწესებულებაში – დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში). მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეებში დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლითაც კმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნები საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი სრულად ეფუძნება კანონიერი ნდობის პრინციპის დამცველობითი ფუნქციის გავრცელებას. სასამართლოს მოსაზრებით, დაცვის ღირსია პირის მხრიდან დოკუმენტის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, იმის უზრუნველყოფა, რომ დაწესებულებებს საქმიანობა არ განეხორციელებინათ სათანადო ლიცენზიის გარეშე, სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა და მოქალაქეზე ტვირთის გადატანა არ არის მართებული.

კანონის მიღება აუცილებელია იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ზემოხსენებული ხარვეზები. კერძოდ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ კანონში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, მათ შორის, განისაზღვროს, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც ოთხ წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო ხუთ წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის.

ამასთან, კანონის მიღება აუცილებელია, რათა საკანონმდებლო ნორმამ გაითვალისწინოს, აგრეთვე, 2006-2007 წლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების საკითხიც და ასევე, ის შემთხვევებიც, როდესაც მიუხედავად ვალდებულებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყების შემდგომაც გასცეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ხარისხები.

ამასთანავე, კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ 2010 წლის 1 სექტემბრამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება. გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.

იმ პირობებში, როდესაც მსგავს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია პრაქტიკა და პირებს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, უღიარდებათ მათ მიერ მიღებული განათლება, მიზანშეწონილია, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთ პირებს საკუთარი უფლებების რეალიზაციისათვის არ დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.