ახალი ამბებისაზოგადოება

აკრედიტაცია  განათლების ხარისხისთვის, თუ კონტროლის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის?

13 თებერვალი, 2018 •
აკრედიტაცია  განათლების ხარისხისთვის, თუ კონტროლის ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის?

GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს განათლების სისტემა იყენებდეს, როგორც კონტროლის ინსტრუმენტს და საშუალებას უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შესამცირებლად.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის აკრედიტაციის საკითხი ამჟამად ირკვევა, ინსტიტუტის კიდევ ერთ  საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი უკვე უთხრეს, თუმცა ამ საქმეს ახლა აპელაციის საბჭო განიხილავს.

ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა  სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ პირველადი შეფასების დასკვნაში პროგრამამ “არაადეკვატური შეფასება მიიღო”. კვაშილავას თქმით, აქცენტი გაკეთდა არა პროგრამის შინაარსზე, არამედ ტექნიკურ ხარვეზებზე. ასეთ ტექნიკურ ხარვეზად კვაშილავა ასახელებს სილაბუსში კონკრეტული სიტყვების არარსებობას და მსგავს გადაცდომებს. მისი თქმით, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა პროგრამის სტუდენტების აკადემიური მოსწრება, გათვალისწინებული არაა.

კვაშილავა მიიჩნევს, რომ შესაძლოა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს განათლების სისტემა იყენებდეს, როგორც ინსტრუმენტს იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა შეამციროს. იგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას მინიშნებას აკეთებს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა შემცირდება.

“ტენდენციები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის ის, რომ შესაძლოა [აკრედიტაცია და ავტორიზცია] კიდევ ერთი ინსტრუმნტი იყოს სახელმწიფოს ხელში იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების სფეროზე გავლენა მოახდინოს. სტუდენტები  მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა არიან და სახელმწიფოს ყოველთვის ურჩევნია, რომ ამ ძალის დიდი რაოდენობა სახელმწიფო სასწავლებლებში იყოს და სტუდკავშირების საშუალებით მოხდეს მათზე ზემოქმედება.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს უნივერსიტეტებს სრული პოტენციალის განვითარებაში და აკრედიტაციის პროცესიც ამის ხელშემწყობი უნდა იყოს. მაგრამ შეიმჩნევა, რომ მიდგომა დაახლოებით იგივეა, რაც  10 წლის წინ იყო – ნაკლის აღმოჩენაზე ორიენტირებული. ეს ნაკლი შეიძლება ფორმალურ ხასიათს ატარებდეს და შინაარსობრივად ყველაფერი გამართული იყოს… ანუ აქცენტი გაკეთდეს მხოლოდ ფორმალურ მხარეებზე ისე, რომ შინაარსობრივი კომპონენტი მთლიანად უგულებეყოფილი იყოს”, – ამბობს ბაკურ კვაშილავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვაშილავას განცხადებას არ პასუხობს.

აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესს ადმინისტრირებას უწევს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი. აკრედიტაციის მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას აკრედიტაციის საბჭო იღებს, რომელიც თავის მხრივ სხვა კომპონენტებთან ერთად აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასაც ითვალისწინებს.

ჯიპას საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც აკრედიტაციაზე უარი უთხრეს,  ექსპერტთა დასკვნა  განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

დასკვნის თანახმად, პროგრამა შეფასების 5 კომპონენტში სტანდარტთან შესაბამისობაშია. მათ შორის- სწავლების მეთოდოლოგიის, სტუდენტთა მიღწევების, სწავლების რესურსების და სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობებით. მხოლოდ ერთ კომპონენტში, რომელიც საგანამანთლებლო პროგრამის მიზნის და სწავლის შედეგების შესაბამისობას ეხება, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროგრამა ნაწილობრივაა შესაბამისობაში.

ექსპერტთა საბოლოო დასკვნით,  პროგრამა სტანდარტთან შესაბამისობაშია, თუმცა საბჭომ პროგრამას აკრედიტაცია მაინც არ მიანიჭა, რაც ჯიპამ გაასაჩივრა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი ბურდულს. მისი თქმით, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს, ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.

ამ თემაზე კომენტარს არც განათლების სამინისტროში აკეთებენ – უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ GIPA-მ სააპელაციო პროცედურებს უკვე მიმართა და გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი