
“დღეს, 4 საათზე შედგება ოფისის გახსნა. ეს არის ძალიან მოკლე რიტუალი. ალბათ იქნება, პირველ რიგში, წარდგინება საქალაქო შტაბის, მისი ხელმძღვანელის, იქნება ძალიან მოკლე მისალმება ჩემი მხრიდან. ალბათ, რამდენიმე პოლიტიკური სახე მიესალმება ქალაქის საზოგადოებას, ქალაქის ცნობად პიროვნებებსაც ექნებათ საშუალება, რომ საზოგადოებას მიმართონ სიტყვით. შემდეგ სასულიერო პირები მოახდენენ ოფისის კურთხევას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის საქმიანად, სადღესასწაულოდ, იმისთვის, რომ ტონუსი და ზოგადად, ფონი და გარემო იყოს ჯანსაღი ქალაქში, საარჩევნო პირობები მაქვს მხედველობაში,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა ქუთაისში ზაზა მარუაშვილმა.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი ზაზა მარუაშვილი რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში გიორგი მარგველაშვილის სააჩევნო შტაბს ქუთაისში:
“საარჩევნო პროცედურებთან მიმართებაში ეს არის ჩემი პირველი ტესტი, რომლის ჩაბარება მომიწევს. ეს პირველი საარჩევნო პროცედურებია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვცდილობ, რომ ის ჩემი გამოცდილება, რაც ზოგადად მენეჯმენტში დამიგროვდა, ამ შემთხვევაში გამოვიყენო. ის დეფიციტი, რაც შეიძლება მქონდეს ამ მიმართულებით ცოდნასთან მიმართებაში, ამას შემივსებს შტაბის ის შემადგენლობა, რომელიც დაკომპლექტებულია და აქ არის ძირითადად სრულად წარმოდგენილი ის ხალხი, ვისაც წლების განმავლობაში აქვს შესაბამისი გამოცდილება და მე მათი გამოცდილების და კომპეტენციების ერთად თავმოყრით შევეცდები, რომ ამ საქმეს ღირსეულად გავართვათ თავი.”
“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის ქუთაისის საარჩევნო შტაბში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს შტაბის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაში გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ინფორმაციას, თუმცა, მარუაშვილის თქმით, მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისს რამდენჯერმე ეწვევა.
“დღეს, როდესაც გაიხსნება შტაბი, ჩვენ ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროცესის ორგანიზებაზე ქალაქ ქუთაისში. ჩვენ ვიქნებით დაკავებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით. ჯანსაღი, ობიექტური საარჩევნო გარემოს შექმნით და ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში.”
წინასწარი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს 24 სექტემბერს ეწვევა, რა დროსაც დაგეგმილია ქალაქში ბერას კონცერტი.




![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



