ახალი ამბები

FB პოსტების გამო დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – საია

19 თებერვალი, 2018 • 39034
FB პოსტების გამო დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ ქუთაისის პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა ამ უკანასკნელის მიერ ფეისბუკში გავრცელებული პოსტის გამო, რომელიც მისმა ყოფილმა მამამთილმა ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა.

საია მიიჩნევს, რომ დეა გოშხეთელიანის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებენ.

“6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების  საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ ძალაში დატოვა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში და აღნიშულია, რომ  დეა ორდერს დაემორჩილა და სოციალური ქსელების მეშვეობით ყოფილი ოჯახის წევრების მიმართ 6 თებერვლის შემდგომ განცხადება აღარ გაუვრცელებია.

“თუმცა, 2018 წლის 17 თებერვალს ყოფილმა დედამთილმა და მულმა ასევე მიმართეს პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რათა დეა გოშხეთელიანს შეეწყვიტა მათი შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება სოციალური ქსელის საშუალებით. პოლიციამ ამჯერადაც დააკმაყოფილა უსაფუძვლო მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ ქსელში დედამთილისა და მულის მიმართ შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება (იმის მიუხედავად, რომ დეას 6 თებერვლის შემდგომ აღარ გაუვრცელებია მიმართვა).

დეა გოშხეთელიანის საქმეზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ როგორც პოლიცია, ისე სასამართლო შემაკავებელ ორდერს მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ორდერის მიზანია არა კონკრეტული პირებისათვის საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და განცხადებების გავრცელების უპირობო აკრძალვა, არამედ მოძალადისა და მსხვერპლის სწორად იდენტიფიცირება და რეალური, იმწუთიერი და სამომავლო ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვა”, – აცხადებენ საიაში.

განახლება 20.02.18

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა


გოშხეთელიანის საქმე:

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი