სააკაშვილი კიევში გამართულ აქციას სატელეფონო ზარით ჩაერთო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ პარტია “ახალი ძალების ტალღის” ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი, დღეს 18 იანვარს, კიევში გამართულ აქციას სატელეფონო ზარით ჩაერთო.

ამის შესახებ RIA წერს, ხოლო აქციის ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

“მოგესალმებით. მე ძალიან მეამაყება ის ხალხი, რომელიც ახლა მოედანზე არიან გამოსულნი. პოროშენკომ ძალმომრეობით გამაგდო თავისი ქვეყნიდან და ფიქრობდა, რომ მან ამით პრობლემა გადაჭრა, მაგრამ შეცდა. ხალხი გამოდის არა სააკაშვილის გამო, არამედ უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს უკვე აღარაფერი გაააჩერებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის დედაქალაქში დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია“მომავლის მარში” გაიმართა. ისინი უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია რეგულარულ ხასიათს მიიღებს.  “მომავლის მარში” კიევში მეხუთედ იმართება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიევში 12 თებერვალს დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. ამავე უწყების თქმით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან