პრორუსმა პოლიტიკოსმა და მილიარდერმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და საჯაროდ ბოდიშის მოხდასთან ერთად 3 მილიონი დრამის (დაახლოებით 7.7 ათასი დოლარი) კომპენსაცია მოითხოვა. ამის შესახებ, როგორც CIVILNET წერს, სომხეთის სასამართლო საქმეების საინფორმაციო სისტემიდან Datalex გახდა ცნობილი.

ოფიციალური ცნობითვე, სარჩელის საფუძველი გახდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ 2026 წლის 29 მაისს საჯარო გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები. სამველ კარაპეტიანი ითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში წაიკითხოს ბოდიშის ტექსტი შემდეგი შინაარსით:

„მე, ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანი, ბოდიშს ვუხდი სამველ სარგისის ძე კარაპეტიანს იმის გამო, რომ 29/05/2026-ს ჩემი საჯარო გამოსვლის დროს სამველ კარაპეტიანის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენე“.

მოსარჩელე ასევე ითხოვს, რომ პირდაპირ ეთერს ეწოდოს „მე, ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანი, ბოდიშს ვუხდი სამველ სარგისის ძე კარაპეტიანს“ და მას არ ახლდეს დამატებითი კომენტარები ან მესამე პირების ჩარევა.

ბოდიშის მოხდასთან ერთად, მოსარჩელე ნიკოლ ფაშინიანისგან სამველ კარაპეტიანის სასარგებლოდ შეურაცხყოფისთვის 3 მილიონი დრამის კომპენსაციის დაკისრებას და სასამართლო ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის ჰონორარის ანაზღაურებასაც ითხოვს.

29 მაისს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავუშის ოლქში ნიკოლ ფაშინიანმა კარაპეტიანის განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ის ჩინეთიდან ჩამოტანილ ჰალუცინაციების გამომწვევ სოკოებს მიირთმევს, განაცხადა:

„ჰალუცინაციების გამომწვევი სოკოების შესახებ ცხოვრებაში პირველად კალუგელისგან და მისი გარემოცვისგან გავიგე, რადგან როდესაც ისინი ჩინეთში ან სხვაგან მიდიან, მათი ინტერესის პირველი ობიექტი ჰალუცინაციების გამომწვევი სოკოებია. რადგან ყველა საკუთარი გარყვნილების ხარისხზე ფიქრობს. და მე დავპირდი, ვუთხარი: დე-იურე სასამართლოში გაჭმევ სოკოებს და ამ სოკოებს ის ყველა თქვენგანის თვალწინ შეჭამს“.

როგორც civilnet წერს, მანამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ ორი ცალკეული სარჩელი შეიტანა. ის კარაპეტიანისგან მის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფასა და ჯამში 12 მილიონი დრამის კომპენსაციას ითხოვს.

სასამართლო საინფორმაციო სისტემის თანახმად, სადავოა კარაპეტიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ ფაშინიანს კანადაში სასახლე აქვს, ასევე ჩინეთიდან ჰალუცინოგენური სოკოები შემოაქვს და მათ მოიხმარს. თითოეულ საქმეზე მოსარჩელე დადგენილი წესით საჯარო უარყოფასა და მორალური ზიანის სახით 6 მილიონი დრამის კომპენსაციას ითხოვს.

ორივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული. ერთ-ერთ საქმეზე შუალედურ აქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე გადაეცა სამოქალაქო სააპელაციო სასამართლოს.