ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მედიის საკითხებთან დაკავშირებით დღეს, 16 თებერვალს, თბილისში გამართულ საჯარო შეხვედრაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტებისგან მოითხოვა იმის გასაჯაროება, თუ ვინ და რა ფორმით ცდილობა ტელეარხზე გავლენის მოხდენას, ან ხელში ჩაგდებას.
აღნიშნულს წინ უძღოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას განცხადება. ჟიჟილაშვილის თქმით, “ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები იყო, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს პატარა, მაგრამ საკმაოდ სოლიდური საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი დამოუკიდებელი მედიასივრცე”. ნინო ჟიჟილაშვილმა ასევე თქვა, რომ მათ ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ, თუმცა ტელეარხისთვის “ბარიერები მოხსნილია” და ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
გვარამიამ სწორედ ამ “სიგნალებზე” მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.
“რა კონტექსტში ითქვა, რომ გადაჭარბება ახასიათებს “ტვ პირველს”, რას ნიშნავს სიგნალები, ვისგან იყო ეს სიგნალები, იყო თუ არა მფლობელზე ზეწოლა, ფიგურირებდა თუ არა ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას გვარები. ეს გვაინტერესებს და არა ის კუთხეებშემოთლილი ტექსტი, რომელიც თქვენ ბრძანეთ. წლის მოვლენა არის არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც არაფერი არ ეშველება, არამედ ის, თუ რა ხდება “ტვ პირველზე”, – მიმართა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ჟურნალისტებს. მან ასევე მიმართა არასამთავრობო სექტორს, გაასაჯაროონ იმ შეხვედრის დეტალები, სადაც “ტვ პირველის” წარმომადგენლები მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობდნენ.
“თქვენ მიიღეთ შეტყობინება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. დანაშაულის დაფარვა არავითარი კონფიდენციალობის ფარგლებში არ შეიძლება. დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს გამჟღავნებული. თუ ჰქონდათ მცდელობა, ეს არის ფაქტი. მოახერხეს თუ არა ეს, ეს უკვე სხვა დანაშაულია”, – უთხრა ნიკა გვარამიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ნიკა გვარამიას აღნიშნულ საუბარს შელაპარაკება მოჰყვა “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვახო სანაიასთან.
“იცით თუ არა რაიმე ისეთი, რაც არ ვიცით ჩვენ და რაც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს? თქვენ თვქით, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები და გვითხარით, რა არის და ჩვენ ამას ვიტყვით” – თქვა სანაიამ. მისივე თქმით, “ტვ პირველს” არ უცდია პრობლემების დამალვა. მათ დახურულ შეხვედრაზე უთხრეს არასამთავრობოებსა და დიპლომატიურ კორპუსს მომდინარე საფრთხის შესახებ და რჩევებიც ჰკითხეს. როგორც სანაია ამბობს, თუ რაიმეს დამალვის სურვილი ექნებოდათ, ამის შესახებ ამდენ ადამიანთან არ ისაუბრებდნენ.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნული დახურული შეხვედრები “ტვ პირველსა” და არასამთვარობო ორგანიზაციებს შორის რამდენჯერმე გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი იყო ტელეარხის მფლობელების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. “ტვ პირველი” გეგმავდა ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, როგორც მოგვიანებით არასამთავრობოებს განუცხადეს, პრობლემა ამოიწურა და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას.