“ბათუმელების” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბათუმობის” დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან 240 249 ლარი დაიხარჯა. აქედან 30 ათასი ლარი ოფიციალურ ვახშმებს მოხმარდა: 17 ათას ლარად 300 ადამიანზე გათვლილი ვახშამი შედგა სასტუმრო “ინტურისტის” რესტორანში, ხოლო 4 530 ლარი დაიხარჯა 120 ადამიანზე გათვლილ ვახშამზე რესტორან “აჭარულ სახლში”. ვახშმებზე მიწვეულები იყვნენ აჭარის მთავრობის, ბათუმის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, აჭარის მინისტრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და რუსეთიდან მოწვეული ბიზნესმენები.

ამ საკითხის კომენტირებისას დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
“თქვენ განაცხადეთ, რომ თანხის ძირითადი ნაწილი ჭამა–სმაზე დაიხარჯა, ეს თემაა ამოსაწევი და აქ ჩვენი კულტურა ცოტა უნდა შევიცვალოთ. მე გავეცანი სხვადასხვა სამინისტროში და ხმამაღლა უკმაყოფილება არ გამომითქვამს, რომ სუფრაზე მიდის ძალიან დიდი თანხები. მე მგონი, ეს არ არის შესატყვისი დღევანდელობასთან. მე მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ყველა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, ვისი დღესასწაულია, მათ შორის აჭარის მთავრობის საყურადღებოდ, არ არის სწორი, როცა ქეიფში გადადის რაღაც სამინისტროს, ან ლოკალური მთავრობის დღესასწაულები. ლოკალურ მთავრობაში აჭარა არ მიგულისხმია, რადგან აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ ამ საკითხს უნდა ყურადღება… ამას მინდა მიაქციონ ყურადღება მთავრობის მეთაურებმა და სხვა ხელმძღვანელებმაც. დღესასწაული შეიძლება ღრეობის გარეშეც კარგად აღვნიშნოთ”.
“ბათუმელებში” გამოქვეყნებული ზემოთ აღნიშნული სტატიის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომელმა, კობა ადეიშვილმა თავისი უკმაყოფილება სოციალური ქსელით ღიად გამოხატა. მან გაზეთ “ბათუმელების” მიმართ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარები გააკეთა. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის ლინკს აზიარებდა და წერდა:

„რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო…ნთ პატრონი“.
შემდგომ დიალოგში უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთს და ჟურნალისტები ქვეყნის მტრად მოიხსენია. ჩინოვნიკი, ასევე, ღირსების შემლახავი გამონათქვამებით და სიტყვებით მოიხსენიებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სექსუალურ უმცირესობებს.
დღეს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ბიძინა ივანიშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის ზემოხსენებული უცენზურო კომენტარის შესახებ დაუსვა კითხვა, რომელიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული:
“რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა გავარკვიოთ, ამ კონკრეტულ პიროვნებას რა თანამდებობა აქვს, შეიძლება აპარატის თანამშრომელია, რაღაც გააკეთა და მთელ მთავრობაზე ეს არ უნდა გავავრცელოთ. კონკრეტულ ჩინოვნიკს, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ არ განვაზოგადოთ, რამეთუ დამოკიდებულება მე ძალიან კარგად ვიცი აჭარის მთავრობის მეთაურის”, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.
ბათუმის პრესკაფეში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გაზეთ „ბათუმელების“ მისამართით გამოთქმული უცენზურო განცხადებები და სიძულვილის ენა გააპროტესტეს.








