ახალი ამბები

შალვა ფიფია: სახელმწიფო რთველის მიმდინარეობაში ნაკლებად ჩაერევა

11 სექტემბერი, 2013 • • 1060
შალვა ფიფია: სახელმწიფო რთველის მიმდინარეობაში ნაკლებად ჩაერევა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობა დღეს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა:  

 

“სახელმწიფო მინიმალურად ერევა რთველის პროცესში. თუ წინა წლებში სახელმწიფო იყო ყურძნის ძირითადი მიმღები და აწესებდა თამაშის წესებს, დღეს მთლიანად კერძო სექტორის მიერვ ხდება ათვისება. წინა წლებში ფერმერების სუბსიდირება ხდებოდა ვაუჩერებით, რაც ნიშნავდა იმას, რომ მევენახეებს უწევდა რიგში ორჯერ და მეტჯერ დგომა იმისათვის, რომ გაენაღდებინათ ვაუჩრები და მიეღოთ მათთვის მეღვინეების მიერ გადახდილი თანხა. წელს სუბსიდირება ხდება ღვინის კომპანიების შემდეგი პრინციპით, თუ ისინი ხარისხიან ყურძენში გადაიხდიან ერთ ლარზე მეტს, ისინი მიიღებენ სუბსიდიას. ხოლო 1 ლარის გადახდის შემთხვევაში ისინი სუბსიდიას არ მიიღებენ. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მივცეთ საშუალება ბაზარს, რომ დაარეგულიროს სიტუაცია მოთამაშეებს შორის.”

 

შალვა ფიფიას განცხადებით, რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. 22 ააგისტოს გურჯაანში ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი შტაბი, რომელიც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას და რთველის მიმდინარეობას აკვირდება. 

 
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, 2013 წელს რთველი ექსცესების გარშე ჩაივლის: “წინა ხელისუფლება, პოპულისტური ინტერესებიდან გამომდინარე, რთველს აგროვადებზე ადრე იწყებდა. პრობლემა ექმნებოდა გლეხს, ვინაიდან დაუმწიფებელ ყურძენს ღვინის მწარმოებელი კომპანიები არ იღებდნენ. წელს ეს აღარ მოხდება და მეღვინეებიც კმაყოფილები დარჩებიან და გლეხებიც. 1 კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარიდან იწყება. არსებობდა ყურძნის მიღებაზე პორბლემები სიღნაღში, მაგრამ ახლა წნორის ქარხანა მუშაობს და პრობლემა დაძლეულია.” 

მინისტრის განცხადებით, 2013 წლის იანვარიდან 5 სექტემბრამდე მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა 22,243974 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც 43%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.  ღვინის ექსპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა, აქედან 7 მილიონ 200 ათასი ბოთლი ღვინო რუსეთის ბაზარზე გადაიტვირთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი