ახალი ამბები

რუსეთის ბაზარზე ქართული დაფნა გავიდა

10 სექტემბერი, 2013 • • 2002
რუსეთის ბაზარზე ქართული დაფნა გავიდა

“ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ ქართული დაფნა რუსეთის ბაზარზე დაბალი რისკის გამო გავიდა. ამ რისკჯგუფში შედის ჩაი და მშრალი ჩირი. 

 

რაც შეეხება ქართული ხილის და ბოსტნეულის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე, ეს საკითხი ამ დროისათვის კვლავ ღიად რჩება. 

 

“ჩამოვიდნენ რუსეთიდან ექსპერტები, რომლებმაც საქართველოში შეისწავლეს და დაათვალიერეს სურსათის უვნებლობის სისტემა. კერძოდ, განახორციელეს ფიტოსანიტარიული კონტროლი. ნახეს ლაბორატორია და პირველადი წარმოება. გაეცვნენ მთელ პროცესს, მინდვრიდან სუფრამდე, როგორ ჩვეულებრივ ხდება კონტროლი სურსათის. მათ უნდა დაწერონ დასკვნა, რომელსაც წარუდგენენ “როსსელხოზნადზორს”. სავარაუდოდ, 15 სექტემბრის შემდეგ დადებენ დასკვნას. თუ დასკვნა იქნება დადებითი, ამის საფუძველზე გამოქვეყნდება ბრძანება, რომლის საფუძველზეც გაუქმდება 2006 წლის ცნობილი აკრძალვა ქარლთულ ხილსა და ბოსტნეულზე, რომლითც მოხდა ემბარგო. ეს დასკვნა ეხება მცენარეული წარმოშობის მაღალი რისკის შემცველ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას, რომელიც ფიტოსანიტარულ კონტროლს ექვემდებარება”– აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

რაც შეეხება საქართველოდან ხილ–ბოსტნეულის ექსპორტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერმერებს შესაბამის დოკუმენტაციას მოუმზადებენ, ხოლო ბიზნესპარტნიორები რუსეთის ბაზარზე თავად უნდა მოძებნონ:

 

“სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ბაზარი იყოს გახსნილი. თუ როგორ მოხდება პროდუქტის გატანა, ეს ბიზნესის გადასაწყვეტია. იაფ და სწრაფ გზას თვითონ ბიზნესი მოძებნის.”  

 

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ციტრუსის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე შესაძლოა საზღვაო გზით მოხდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი