ზემოხსენებული რეკომენდაციები, რომელთა შესახებაც NDI-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშიც იყო საუბარი, ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააცნო:
“ჩვენ NDI-ს დამკვირვბლების 4 რეკომენდაცია ავიღეთ და ჩვენს რეკომენდაციად ვაქციეთ. ერთ–ერთი ეხება საარჩევნო სიას. დღესვე გამოქვეყნდება გვარი–სახელი და დაბადების თარიღი რეგისტრაციიდან მოხსნილი ყველა პირისა და მე მოვუწოდებ მათ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს ნათესავებს, რომ ერთმანეთს გააგებინონ, ვის აღმოაჩენენ სიაში, რომ 10 ოქტომბრამდე ამ ადამიანების უმრავლესობამ შეძლოს მოსვლა, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღება და ავტომატურად დარეგისტრირება საარჩევნო სიაში.
ჩვენ ასევე ვაქციეთ ჩვენ რეკომენდაციაც ის, რასაც NDI-ს დამკვირვებლები გვეუბნებიან, რომ პოლიციამ, სასამართლოებმა და პროკურატურამ ადეკვატური სანქციები მიიღონ, როდესაც მოხდება მშვიდობიანი შეკრების ჩაშლის მცდელობა, ან სხვა რაიმე დარღვევა.
აგრეთვე, ჩვენ რეკომენდაციით მივმართეთ ცესკოს და საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნუ გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ვადას ბოლომდე და რაც შეიძლება მალე დაადგან თავის იმას, რომ ცესკოს ყავდეს რაც შეიძლება მალე, სასურველია უკვე ამ კვირაში, თავმჯდომარე, რადგან თავმჯდომარის არყოლა ხელს უშლის საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად და დემოკრატიულად წარმართვას”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას უკვე უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად სამ კანდიდატურას საარჩევნო კომისიას კანონით დადგენილ ვადაში შესთავაზებს.
“კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, რომელიც სამსჯელოდ აქვს პრეზიდენტს მიცემული იმისთვის, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებრივია, პრეზიდენტმა სრული ვადა გამოიყენა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ თავისი წინადადების წარგზავნა შეძლოს. სამი კანდიდატურა იქნება შერჩეული, რომელსაც პრეზიდენტი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენს ცესკოს”, – განაცხადა მან.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის თქმით, პრეზიდენტმა სამი კანდიდატურა 12 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს, ხოლო შემდეგ ცესკოს 5–დღიანი ვადა ეძლევა იმისათვის, რომ დასახელებული 3 კანდიდატიდან ერთი აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომლის დასახელებასაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი აპირებს – ეს არის თამარ ჟვანია, რომელიც არასამთავრობო სექტორის კანდიდატია. ირინა იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, თავს იკავებს გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი, რომ ჟვანიას კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.




![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



