ახალი ამბები

ახალი ნავთობრეზერვუარი ბათუმში

8 სექტემბერი, 2013 • 1313
ახალი  ნავთობრეზერვუარი  ბათუმში

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 11 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. გზშ-ს წინასწარი ვერსია უკვე გამოქვეყნებულია.   

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ფართოდაა მიმოხილული ყველა შესაძლო გავლენა, რაც შეიძლება მშენებლობის პროცესმა გარემოზე მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიას, სადაც რეზერვუარი შენდება, ორი მხრიდან  მდინარე ბარცხანა ჩაუდის, რომელიც ზღვას უერთდება, ხოლო მესამე მხარეს დასახლებული ტერიტორიაა.

 

ამასთან გზშ-ში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების ხასიათის და საპროექტო ტერიტორიაზე გრუნტის წყლების დგომის დონეების გათვალისწინებით, სამუშაოების შესრულების პერიოდში ზემოქმედება მოსალოდნელია როგორც ზედაპირულ, ასევე მიწისქვეშა წყლებზე. 

 

„ახალი სარეზერვუარო პარკის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის პროცესში ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, გარდა ფრინველებზე ზემოქმედებისა. ფრინველებზე (განსაკუთრებით გადამფრენ ფრინველებზე) ნეგატიურ ზემოქმედებას შესაძლებელია ადგილი ექნეს სარეზერვუარო პარკის განათების სისტემების გავლენით. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაპროექტებული განათების სისტემა ითვალისწინებს მხოლოდ საწარმოო მოედნების განათებას, ხოლო სანათურები მიმართული იქნება მოედნების შიდა ტერიტორიებზე, ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი. ახალი სარეზერვუარო პარკის ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ყველა სახის ჩამდინარე წყლები ჩართული იქნება ნავთობბაზის უბნის შესაბამის საკანალიზაციო კოლექტორებში და სრული მოცულობით გაიწმინდება შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის~ გამწმენდ ნაგებობებზე. შესაბამისად მდინარე ბარცხანას დაბინძურების და ამასთან დაკავშირებით იქთიოფაუნაზე ნეგატიური ზემოქმედების რისკი მინიმალურია“, -_ ნათქვამია ანგარიშში.

 

სარეზერვუარო პარკის შემადგენლობაში  რვა რეზერვუარი იქნება, მათ შორის: სამი რეზერვუარი თითოეული 2000 მ3 ტევადობის, ოთხი რეზერვუარი – თითოეული 1000 მ3 ტევადობის და ერთი რეზერვუარი – 400 მ3 ტევადობის. ნავთობბაზაში დღეისათვის განთავსებულია 18 რეზერვუარი, რომელთა საერთო ტევადობაა 23 500 მ3. არსებული რეზერვუარები გამოიყენება მხოლოდ ნათელი ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) ოპერირებისათვის.


„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა გავლენას მოახდენს ახალი რეზერვუარის მშენებლობა და შემდგომ მისი ექსპლუატაცია გარემოზე. კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებსაც მივმართეთ, ამ ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი შესწავლილი არ აქვთ და მათ შეფასებისგან თავი შეიკავეს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა 11 სექტემბერსაა დანიშნული. მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.  


ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

მასალების გადაბეჭდვის წესი