ახალი ამბები

TI: ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის ბრალდება

6 სექტემბერი, 2013 • 982
TI: ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის ბრალდება

“სამეურვეო საბჭომ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს საფუძვლიანი და არგუმენტირებული განმარტება, თუ რა ფორმით დაარღვია ბარათაშვილმა მისთვის დაკისრებული მოვალეობები და რატომ ჩათვალეს მათ საჭიროდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

 

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში უნდა მიიწვიოს სხდომაზე და მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვოს. ამასთან, პარლამენტმა უნდა მოისმინოს, თუ რა გზებით აპირებს სამეურვეო საბჭო მაუწყებელში არსებული კრიზისის დაძლევას.

 

“მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ ასევე უნდა გამოიძიოს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის, ემზარ გოგუაძის ბრალდება. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამავდროულად, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მუშაობდა, მასზე ზეწოლა მოახდინა და სარგებელს დაჰპირდა, თუკი გოგუაძე ბარათაშვილის გათავისუფლებას ხმას არ მისცემდა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, აკრძალულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი