ახალი ამბები

NDI: ძალოვანმა უწყებებმა უზრუნველყონ საკმარისი დაცვა ძალადობის თავიდან ასაცილებლად

6 სექტემბერი, 2013 •
NDI: ძალოვანმა უწყებებმა უზრუნველყონ საკმარისი დაცვა ძალადობის თავიდან ასაცილებლად

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ NDI-ის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს:

 

1. უწყებათაშორისმა კომისიამ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს სანდო ინფორმაციაზე  კამპანიის  განმავლობაში  გამოვლენილი დარღვევების, ძალადობის, თუ არჩეული ან დანიშნული თანამდებობის  დროზე ადრე დატოვების მიზნით მოხელეებზე ზეწოლის შესახებ.

 

2. უწყებათაშორისმა კომისიამ საზოგადოებას მიაწოდოს რეგულარული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია   ყველა წამოჭრილი პრობლემატური საარჩევნო საკითხის შესახებ, ასევე, აღნიშნული საკითხების შესასწავლად გატარებული ღონისძიებებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

 

3. ძალოვანმა უწყებებმა დაიცვან შეკრების თავისუფლება და უზრუნველყონ საკმარისი დაცვა ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

 

4. პოლიციამ, პროკურორებმა და მოსამართლეებმა უზრუნველყონ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში (მაგ. არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა) გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს და ემსახურებოდეს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციას.

 

5. სახელმწიფო თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ, რომ ყველა საჯარო მოხელე სრულად იყოს ინფორმირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესების შესახებ და გაატარონ სანქციები ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში.

 

6. პოლიტიკურმა ლიდერებმა მუდმივად უზრუნველყონ, რომ მათ მხარდამჭერებს და აქტივისტებს ნათლად ქონდეთ გაცნობიერებული, რომ პოლიტიკურ კამპანიაში ძალადობის ადგილი არ არის. მათ ასევე მკაცრი ზომები უნდა გაატარონ იმ მხარდამჭერების მიმართ, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იქნება ჩართული.

 

NDI
NDI

7. პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დაასახელოს, ხოლო ცესკომ ან პარლამენტმა სწრაფად დაამტკიცოს ცესკოს ახალი, კვალიფიციური თავმჯდომარე, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნდობით სარგებლობს.

 

8. ცესკომ, იუსტიციის სამინისტრომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელონ  ყოვლისმომცველი  საგანმანათლებლო ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ფლობდნენ  ინფორმაციას  ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისა და, საჭიროების შემთხვევაში,  რეგისტრაციის სტატუსის განახლების აუცილებლობის შესახებ.

 

9. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების შესახებ დროული და  ზუსტი ანგარიშები წარადგინონ.

 

10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა   კამპანიის დაფინანსების განმსაზღვრელი ნორმები და სანქციები მიუკერძოებლად  და თანმიმდევრულად გამოიყენოს.

 

11. კამპანიის დაფინანსების განმსაზღვრელი ახალი ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს, თანამშრომლების  სრული ტრენინგი, რათა მოახერხოს კანონმდებლობის დაცვის მონიტორინგი და აღსრულება.

 

12. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადოს, შეინარჩუნოს არჩევნების დაბალანსებული გაშუქება, განსაკუთრებით   მმართველობასა  და პროგრამებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე.

 

13. ცესკო ყველანაირად შეეცადოს, ეთნიკური უმცირესობების ენებზე არსებული საარჩევნო მასალები უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიღმაც გაავრცელოს.

 

14. ცესკომ გააძლიეროს ამომრჩეველთა განათლების ძალისხმევა   უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში და   უზრუნველყოს უმცირესობათა ადეკვატური წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში

 

15. შემდეგი რეკომენდაციები ეხება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებსა და მის შემდგომ პერიოდს:

 

16. პარლამენტმა  ნათლად განსაზღვროს  სამართლებრივი  ნორმები, რომლებიც არეგულირებს, თუ რა სახის  მონაწილეობაა დასაშვები   თანამდებობის პირებისთვის კამპანიაში.

 

17. ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონმდებლობაში ნებისმიერი გაუმჯობესება პარლამენტმა   შეძლებისდაგვარად სწრაფად  მიიღოს, რათა  მინიმუმამდე დაიყვანოს ბოლო წუთს მიღებული შესწორებები.

 

18. პარლამენტმა იფიქროს  საჯარო სამსახურის   ყოვლისმომცველი, მერიტოკრატიაზე დაფუძნებული   რეფორმის შესახებ, რათა უზრუნველყოს  საჯარო მოხელეების უწყვეტი დასაქმება, არჩევნების შედეგების მიუხედავად.

 

19. პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტრომ და ცესკომ  განიხილონ ალტერნატიული გზები, რომლებიც  რეგისტრაციიდან მოხსნილ  პირებს   არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას შეუქმნის და, ამავდროულად, არჩევნების სანდოობას შენარჩუნებს.

 

20. პარლამენტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად  საჭირო რესურსები გააჩნდეს.

 

21. პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტრომ და ცესკომ ფრთხილად განიხილონ ნებისმიერი ახალი ბიომეტრიული საიდენტიფიკაციო სისტემის განხორციელების ალტერნატივები, რათა არ მოხდეს ამომრჩევლისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა.

 

22. მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა შეარჩიონ, მოამზადონ და დააყენონ ქალ კანდიდატთა მეტი რაოდენობა  და მეტად განავითარონ პარტიის ინფრასტრუქტურა, რათა მხარი დაუჭირონ ქალებს და მათ პრობლემებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები   პარტიის პოლიტიკის ფორმირებისას გაითვალისწინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი