რუსთავის მე-16 სკოლის რამდენიმე მოსწავლე დღეს, 8 თებერვალს, გაკვეთილების მიმდინარეობისას, ერთდროულად გახდა შეუძლოდ. როგორც სკოლის წარმომადგენლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ბავშვების მიერ სპორტის გაკვეთილის შემდეგ ონკანის წყლის დალევა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუგებელი დახმარების ცენტრში “ნეტგაზეთს” უთხრეს, მე-16 სკოლიდან გამოძახება დილის 9:56 წუთზე შევიდა. ეკიპაჟს ადგილზე 12-13 წლის 4 მოსწავლე დახვდა, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულისრევა და ღებინება, თუმცა მშობლებმა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს.
მე-16 სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ბავშვებმა სპორტის გაკვეთილის შემდეგ სკოლის ონკანიდან წყალი დალიეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდათ. ისინი დაუკავშირდნენ მშობლებსა და სასწრაფოს. მშობლებმა მოსწავლეები სახლში წაიყვანეს და მათ შემდგომ მკურნალობაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
კომპანია “რუსთავის წყლის” დირექტორის მოადგილის, თემურ ჯანელიძის თქმით, გარდა მე-16 სკოლისა, წყლის ხარისხზე ჩივილით მათთვის არ მიუმართავთ.
როგორც თემურ ჯანელიძე განმარტავს, სკოლიდან წყლის ანალიზი უკვე აიღეს და ლაბორატორიული კვლევის პასუხი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი. მისივე თქმით, შესაძლოა, სკოლის შიდა გაყვანილობას ჰქონდა პრობლემა. როგორც ჯანელიძე ამბობს, აღნიშნულის თქმის საფუძველს ის ფაქტიც აძლევს, რომ ამ არეალიდან წყლის ხარისხთან დაკავშირებით სხვას არ მიუმართავს.
განახლება: “რუსთავის წყალის” ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი წყალი არ ყოფილა.