ახალი ამბები

კბილაშვილი: მერაბიშვილის სასამართლო უნდა ყოფილიყო ქუთაისში, რადგან გამოძიება იქ წარიმართა

5 სექტემბერი, 2013 •
კბილაშვილი: მერაბიშვილის სასამართლო უნდა ყოფილიყო ქუთაისში, რადგან გამოძიება იქ წარიმართა

“ამ თემაზე, რომელიც ეხება მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, დღემდეც არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მიმდინარეობდა გამოძიება სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოძიებას აწარმოებდა დასავლეთის პროკურატურა, მან აწარმოა მთლიანად მთელი საქართველოს მასშტაბით გამოძიება და როდესაც ის დასრულდა, ბუნებრივია, მანვე მისცა პასუხისგებაში ეს ადამიანი და, შესაბამისად, ეს საქმეები განხილული იყო ქუთაისში”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

ადვოკატების მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არაუფლებამოსილმა მოსამართლე მალხაზ გურულმა განიხილა ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რის საფუძველზეც ყოფილი პრემიერი იმყოფება პატიმრობაში.

 

ადვოკატების განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი, აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს:

 

“აქედან გამომდინარე, მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება. შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი”, – აცხადებენ მერაბიშვილის ადვოკატები.

 

“მსგავს მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ. მე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იყო და ვერ გეტყვით, რომელი მოსამართლე იყო აღკვეთის ღონისძიების განხმილველი, მაგრამ ეს კი უნდა ყოფილიყო ქუთაისში ნამდვილად, რადგან გამოძიება იქ წარიმართა”, – ასე უპასუხა ადვოკატების პრეტენზიებს მთავარმა პროკურორმა.

 

ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს და, შესაბამისად, მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი