ახალი ამბებისამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

7 თებერვალი, 2018 •
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

დღეს, 7 თებერვალს, “ციანიდის საქმეზე” დასკვნითი სხდომა გაიმართება და, სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი პროცესის შემდეგ გავა სათათბირო ოთახში მოსამართლეთა პალატა ნათია ბარბაქაძის, მურმან ისაევის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე გამოცხადდება დღევანდელ დასკვნით პროცესზე, რათა სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგეს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით, მხარეებმა საკუთარი პოზიციები უკვე წარადგინეს. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე იქნება მხოლოდ მოკლე რეპლიკა, პროკურატურა ათ დასკვნით სიტყვას უპასუხებს, შემდეგ იქნება დეკანოზის სიტყვა, რითაც განხილვა დასრულდება და სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.

“იმედს ვიტოვებთ, დღეს გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს თუ მომდევნო პროცესზე გამოაცხადებს, არ დაემორჩილება იმ კონიუნქტურას, რომელსაც დაემორჩილა პირველი ინსტანციის სასამართლო და იქნება გამამართლებელი განაჩენი,”- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ უნდა ცნოს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული იყო.

“უფრო მეტიც, იყო არაერთი ტყუილი და სიცრუე გაჟღერებული,”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი