ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

რატომ არის გაბრაზებული უმა თურმანი ვაინშტაინსა და ტარანტინოზე

5 თებერვალი, 2018 • 5483
რატომ არის გაბრაზებული უმა თურმანი ვაინშტაინსა და ტარანტინოზე

მსახიობი უმა თურმანი “ნიუ-იორკ ტაიმსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჰარვი ვაინშტაინი მას “მაკულატურის” გამოსვლის შემდეგ თავს დაესხა. თურმანი ასევე აღწერს რთულ ურთიერთობას რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან. მსახიობის თქმით, რეჟისორმა ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა “მოკალი ბილის” გადაღებისას.

უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინთან და კვენტინ ტარანტინოსთან 3-ჯერ ითანამშრომლა. პირველად- 1994 წელს ფილმისთვის “მაკულატურა”, სადაც მია უოლასის სახე შექმნა, შემდეგ კი “მოკალი ბილის” პირველ და მეორე ნაწილში შეასრულა ბეატრიქს კიდოს როლი (2003-04 წლებში).

როგორც “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, უმა თურმანი კვენტინ ტარანტინოსა და ჰარვი ვაინშტაინის კრეატიული ტანდემის მთავარი ქალღმერთი იყო. “მირამაქსის” სამეული ყველაზე გამორჩეული ჯგუფი იყო ჰოლივუდში. ტარანტინო ხშირად საუბრობდა უმა თურმანზე, როგორც მის მუზაზე, რომელიც “სისხლიანი პატარძლის” პერსონაჟის შექმნისას მთავარი ინსპირაცია იყო.

“მოკალი ბილის”ტიტრებშიც წერია, რომ ბეატრიქს კიდო კვენტინისა და უმას მიერ შექმნილი პერსონაჟია. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ამ ბრჭყვიალა სამეულის უკან ბნელი ისტორია იმალება.

“ჰარვისადმი რთული დამოკიდებულება, პირველ რიგში, იმ ქალების გამო მაქვს, ვისაც ჩემ შემდეგ დაესხა თავს. ერთ-ერთი მიზეზი მეც ვარ, რომ ახალგაზრდა გოგოები მასთან მარტო შედიოდნენ ოთახში ისევე, როგორც თავის დროზე მე შევედი. კვენტინმა ჰარვი “მოკალი ბილის” აღმასრულებელ პროდიუსერად მოიწვია ფილმზე , რომელიც ქალების სიძლიერის სიმბოლოა. ეს ცხვრები შედიოდნენ ყასაბთან იმიტომ, რომ სჯეროდათ, მათ უკანონოდ არავინ მოექცეოდა, არადა, რეალურად, ასე ექცეოდნენ”, – ამბობს მსახიობი.

უმა თურმანმა “ნიუ იორკ ტაიმსთან” გაიხსენა პირველი შემთხვევა, როდესაც ჰარვი ვაინშტაინმა სექსუალურიად შეავიწროვა. ეს ლონდონში მოხდა. მსახიობმა მაშინ ყველაფერი გააკეთა გადასარჩენად. მეორე დღეს კი ყვითელი ვარდების თაიგული მიიღო ჰარვისგან, წარწერით “არაჩვეულებრივი  ინსტინქტები გაქვს”. მომდევნო დღეებში ვაინშტაინის კომპანიიდან ურეკავდნენ და სამომავლო პროექტებზე ესუბრებოდნენ.

თურმანის ბრალდებების შემდეგ “ნიუ იორკ ტაიმსი” ჰარვი ვაინშტაინის ინტერესების დამცველს დაუკავშირდა. მათი თქმით, უმა თურმანისა და ჰარვი ვაინშტაინის ურთიერთობა საქმიანი იყო, თუმცა ფლირტის ელემენტებსაც შეიცავდა. მათივე განცხადებით, ჰარვი ვაინშტაინმა მაშინვე მოიბოდიშა, როგორც კი მიხვდა, რომ უმა თურმანის დამოკიდებულება არასწორად გაიგო და ფლირტად ჩათვალა მაშინ, როცა მსახიობს ეს განზრახვა არ ჰქონია.

როგორც უმა თურმანი ამბობს, ვაინშტაინს მომდევნო შეხვედრაზე დაემუქრა კიდეც, რომ თუ მის მსგავსად მოექცეოდა სხვა ქალებსაც, დაკარგავდა ყველაფერს – ოჯახს, კარიერას და რეპუტაციას. საბოლოოდ, თურმანი ამბობს, რომ ვაინშტაინის მტრობამ კვენტინ ტარანტინოსთან მის თანამშრომლობაზეც უარყოფითად იმოქმედა.

მსახიობი უმა თურმანი და რეჟისორი კვენტინ ტარანტინო კანის 67-ე ფესტივალის დახურვაზე 2014 წლის მაისში EPA/IAN LANGSDON

როგორც მსახიობი იხსენებს, 2001 წელს, როდესაც კანის კინოფესტივალზე ჩავიდა, ტარანტინომ შენიშნა, როგორ ნერვიულობდა თურმანი ვაინშტაინის გარემოცვაში. თურმანმა ტარანტინოს ვაინშტაინის ინციდენტის შესახებ უამბო, რის გამოც პროდიუსერი და რეჟისორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად, ვაინშტაინმა უმა თურმანს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. 

“ნიუ-იორკ ტაიმსისისთვის” მიცემულ ინტერვიუში თურმანი აღწერს იმ რთულ ურთიერთობასაც, რომელიც მას ტარანტინოსთან ჰქონდა.  მსახიობის თქმით, “მოკალი ბილის” გადაღებები 9 თვის გრძელდებდა. მაშინ, როცა გადაღებების დასრულებამდე 4 დღე იყო დარჩენილი, ტარანტინომ აიძულა, ერთ-ერთ ცნობილ სცენაში, როცა ბეატრიქსი ბილის მოსაკლავად მიდის, ავტომანქანა თავად ემართა. თურმანმა იცოდა, რომ მანქანა არ იყო კარგ მდგომარეობაში და უარს აცხადებდა რეჟისორის მოთხოვნის შესრულებაზე:

“კვენტინი ჩემს ტრაილერში შემოვიდა. მას, როგორც ყველა სხვა რეჟისორს, არას მოსმენა არ უყვარდა, აღშფოთებული იყო, რადგან ჩემზე დიდ დროსა და ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ მე მეშინოდა. ის დამპირდა, რომ მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო, გზა კი სწორი და იოლად გასავლელი. მითხრა, რომ დიდი სიჩქარით უნდა მევლო, რათა ქარს თმა აეწეწა და ასე თუ არ მოხდებოდა, ხელახლა გადამაღებინებდა ამ სცენას. რეალურად, ეს მანქანა იყო “სიკვდილის ყუთი”, რომელსაც ვმართავდი. სავარძელი არ იყო დამაგრებული და გზა არათუ სწორი, ხრიოკიანიც იყო” – ამბობს მსახიობი.

საბოლოოდ, ავარიის ამსახველი კადრები უმა თურმანს არც რეჟისორმა და არც “მირამაქსმა” არ მისცა. მსახიობმა მხოლოდ ახლა, 15 წლის შემდეგ მოიპოვა ეს კადრები. თურმანი იხსენებს, რომ ტარანტინოსთან ურთიერთიბა ძალიან დაეძაბა.

“ავარიის შემდეგ საჭე ჩემს მუცელში იყო. მეგონა, ვერასდროს გავივლიდი. როდესაც საავადმყოფოდან დავბრუნდი, კისერზე ფიქსატორი მქონდა, ხოლო მუხლები დაზიანებული, თავზე კი – კოპი. მანქანის ნახვა მოვინდომე და როცა ვნახე, ძალიან გავბრაზდი. მე და კვენტინმა უზომოდ ბევრი ვიჩხუბეთ, ვეუბნებოდი, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა, ის კი ამ ბრალდების გამო გაბრაზდა.”

თურმანი იხსენებს, რომ “მოკალი ბილის” გადაღებისას ტარანტინომ საკუთარ სადისტურ მისწრაფებებსაც მისცა გასაქანი. მაგალითად, მსახიობის თქმით, სცენაში, სადაც ბადი (მაიკლ მადსენი) აფურთხებს, ამას თვითონ რეჟისორი აკეთებდა, ხოლო სცენაში, სადაც გოგო ახრჩობს, რეალურად,  რეჟისორი მონაწილეობდა.

უმა თურმანი ამბობს, რომ მუშაობისას კვენტინთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობდა, ამიტომ ბევრი რამის უფლებას თავად აძლევდა და ამის გამო თავს დაჩაგრულად არ მიიჩნევდა, თუმცა ავარიის სცენა გარდამტეხი აღმოჩნდა:

“კრეატიული არტისტიდან გატეხილ ინტრუმენტად ვიქეცი. პირადად მე 47 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ადამიანებზე,  ვინც უხეშად მექცეოდა, არ მეფიქრა, თითქოს ამგვარად სიყვარულს გამოხატავდნენ. ამას დიდი დრო დასჭირდა, რადგან პატარა გოგონებს აჯერებენ, რომ სისასტიკე და სიყვარული როგორღაც ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ამ მოსაზრებაზე მაღლა უნდა დავდგეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი