ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბიშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს არ აფიქსირებს

3 სექტემბერი, 2013 • 935
სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბიშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს არ აფიქსირებს

სამინისტროს ინფორმაციით, მერაბიშვილს 25-29 ივლისს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის წამყვანი სპეციალისტების მიერ, რის შედეგადაც არანაირი ორგანული პათოლოგია არ გამოვლინდა.


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ივანე მერაბიშვილი ამ მომენტისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს არ აფიქსირებს:


“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა პროფილის ექიმების, მათ შორის ფსიქიატრების მიერ. ამ მომენტისთვის მისი სტაციონარში გადაყვანის ჩვენება არ არსებობს”, – აცხადებენ სამინისტროში.


გუშინ, 2 სექტემბერს, მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა:


“ვთხოვთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მოხდეს მერაბიშვილთან სამედიცინო სექტორის ექიმების შეყვანა და თუ ეს ვერ მოხერხდება, მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადავიყვანოთ სამკურნალოდ”, – განაცხადა ადვოკატმა. 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე რაიმე განცხადება ადვოკატის ან თავად ბრალდებულის, ივანე მერაბიშვილის მხრიდან არ მიუღიათ.

 

“სამინისტრო ვერ დაარღვევს პაციენტის უფლებებსა და კონფიდენციურობის პრინციპს, თუმცა, ი. მერაბიშვილის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მზად არის მისთვის ჩატარებული კვლევებისა და შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი