ჯერ არ მოგვიგროვებია ხმები. პროცესში ვართ ეხლა, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. უნდა გავაგებინოთ მოსახლეობას, თუ რა პროგრამა გვაქვს, რითი მოვდივართ, რას ვაპირებთ. გროვდება ეს ხმები და იმედი გვაქვს, რომ 17 სექტემბრისთვის მივაწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 30 ათას ხმას.

 

მე ინდივიდუალური კანდიდატი ვარ. სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება, არავითარი სუბიექტური აზრები არ გამაჩნია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვაპირებ მათთან ურთიერთობას. სრულიად ობიექტურად მინდა მივუდგე ამ საკითხს და დავიწყო იმ ასპარეზზე გასვლა, რომელსაც ჰქვია პოლიტიკა. პირველად არ ვარ პოლიტიკაში. 1991 წელს, ვიდრე წავიდოდი ამერიკაში, გავედი პატარა პოლიტიკურ ასპარეზზე, მერე მოხდა ისე, რომ სასწავლებლად გავემგზავრე აშშ–ში. ახლა დავბრუნდი საქართველოში. მინდა, რომ წინ წავიყვანო ეს ცხოვრება, ქვეყანა და ხალხი. 20 წელი არ ვყოფილვარ საქართველოში, პირველად ჩამოვედი 2010 წელს. ახლა თბილისში ვარ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს აწყობილი ბიზნეს–ინტერესები.


კონკრეტულად რომელ სფეროში მოღვაწეობთ?

 

ზურაბ წიწუაშვილი
ზურაბ წიწუაშვილი

მე ვარ ფინანსისტი. საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მქონია 20 წლის განმავლობაში. არც ახლა არ მაქვს და არც ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა შეიქმნას საფუძველი. საძირკველი უნდა ჩაყარო, რომ აშენდეს სახლი.


საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?

 

ამას მარტივად აგიხსნით, ოთხი შვილი მყავს და სამი მათგანი ცხოვრობს ამერიკაში. დეკემბერში ველოდები მეხუთე შვილს, რომელიც საქართველოში დაიბადება. არ მინდა, რომ იმ შვილებს, რომლებმაც უნდა იცხოვრონ ამერიკაში და საქართველოში, განსხვავებული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. მინდა, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ქვეყანა იყოს საქართველო. მე შემიძლია, რომ რაღაცა წვლილი შევმატო ჩემი პროფესიონალურობით და მოსაზრებებით. რა ცოდნაც მაქვს და კავშირებიც მაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, შემიძლია ეს ყველაფერი შევყარო ერთად. საქართველოს პრეზიდენტი არ არის ის თანამდებობა, რომელსაც ბევრი უფლება აქვს. პრეზიდენტის მოვალეობა თითქმის ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრი არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია საგარეო საქმეების მოგვარება. მე მაქვს ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც წარვადგენ 17 სექტემბერს საინიციტივო ჯგუფთან ერთად და ჩემი საარჩევნო კამპანია დაიწყება. ამ პროგრამის მეშვეობით ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ავიღებთ პირველ ადგილს. დღეს პროგრესულად მოაზროვნე ხალხი არის საქართველოში. მათ სჭირდებათ ახალი იდეები და გზები, იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ქვეყნის კეთილდღეობა, ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი. უნდა მოვიყვანოთ კლიმატი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს.


თქვენი ძირითადი მიზანი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაა?  

 

კი, რადგან 20 წელიწადი, ვთქვათ, ვარ პროფესიონალი ინვესტორი, ძალიან დიდი მასშტაბების ამერიკაში. ასე ვმოღვაწეობ.


თქვენ გეგმავთ ინვესტირებას საქართვლოში. თუ მისცემთ რჩევებს კომპანიებს, კაპიტალი საქართველოში განათავსონ?

 

ჩემი კაპიტალი არავის არაფერს არ შემატებს, მხოლოდ ჩემს ოჯახს. მე პროფესიონალი ვარ იმ გაგებით, ვიცი როდის უნდა ჩააბანდო ფული. ვიყავი 20 წლის განმავლობაში კომპანიაში, რომელიც ცნობილია მსოფლიოს საინვესტიციო ასპარეზზე და ამიტომ ჩვენ ჩავაბანდეთ ისეთ კომპანიებში ფული, რომელიც ყველაზე ცნობილია. მე კარგად ვიცი როდის, რა დროს და ვის უნდა მისცენ ფული და როგორ უნდა შეფასო ხალხის შესაძლებლობები. ასევე, რა პოლიტიკა უჭირავს ქვეყანას ბიზნესის მიმართ.


თქვენ ისევ ხართ საქართველოს მოქალაქე? ორმაგი მოქალაქეობის გამო სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კომისიამ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.   

 

მე დაბადებიდან ვარ საქართველოს მოქალაქე და არასდროს არ დამიკარგავს. აშშ–შიც ვიყავი, როგორც საქართველოს მოქალაქე. მერე აშშ–ში შევუღლდი. მივიღე აშშ–ის მოქალაქეობა. ეს არის მეორადი მოქალაქეობა. ვფიქრობ, პრობლემა არ მექნება.


საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი კანდიდატი მონაწილეობს, კონკურენცია არსებობს. თქვენ რა შანსები გაქვთ?

 

ისეთივე შანსები გვაქვს, როგორც ყველას. შანსები თანაბარია. პრობლემა არ არის, რომ ასპარეზზე გახვიდე. მაგალითად, სპორტში ფიზიკური შესაძლებლობები უნდა გქონდეს. ჭადრაკში – თუ მსოფლიო ჩემპიონატია, ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა გქონდეს. პოლიტოკაში მიდიხარ? პოლიტიკური შესაძლებლობები უნდა გქონდეს. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ დასკვნას, რომ პრეზიდენტის მოვალეობა არის აღმასრულებელი მოვალეობა. ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის უნარი. ფილოსოფოსი, მწერალი, კომპოზიტორი, მომღერალი ვერ გახდება პრეზიდენტი. ეს არის სამსახური, საზოგადოება ირჩევს პრეზიდენტს. მან უნდა მოუაროს იმ რესურსებს, რაც გააჩნია. ეს არის სამინისტროები. ყველაზე პირველი პრეზიდენტისთვის არის კონსტიტუცია.


თქვენს საარჩევნო კამპანიას ვინ დააფინანსებს? ეს იქნება პირადი სახსრები თუ მოზიდული ფული?

 

მე ასე ვფიქრობ: ობამამ თქვა – თუ გგონია, რომ ლიდერი ხარ და უკან მობრუნდები და ვერავის ვერ დაინახავ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ სადღაც სეირნობო. მე თუ მოვიხედე უკან და ვერავინ ვერ დავინახე, ე.ი. მე სადღაც ვსეირნობ. ეს ჩემთვის გასაგები იქნება, რეალისტი ვარ. თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, დაფინანსება წამოვა ყველა დასაშვები ფორმებით. მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა სახსრები უნდა დაიხარჯოს საკუთარი. იმიტომ, რომ მე არ მივდივარ “გუდვილში” ან “პოპულში” საკვების შესაძენად. მე მოვდივარ, რომ გავხდე პრეზიდენტი. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც ემუშავება ხალხს, ქვეყანას. ამ ქვეყანამ და ხალხმა უნდა გადაიხადოს ამის ფასი. საზოგადოებამ უნდა იყიდოს ჩემი პროფესინალიზმი. მე თუ ვიყიდე ეს ყველაფერი, მაშინ კინოში წავალ და ფილმს ვნახავ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *