ახალი ამბები

სამხრეთის კარიბჭე: აქციის მონაწილეები მეუფეს არ დაემორჩილნენ

29 აგვისტო, 2013 • • 1503
სამხრეთის კარიბჭე: აქციის მონაწილეები მეუფეს არ დაემორჩილნენ

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი ცდილობს მრევლი დაშლის აუცილებლობაში დაარწმუნოს, სათითაოდ უხსნის მათ, რომ ეს არის პატრიარქის მოწოდება და მას უნდა დაემორჩილონ. 

“ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან, სულისგან და სხეულისგან. თუ სულით მე მემორჩილებით, ხმა კი პრემიერს მიეცით და მას გამოუცხადეთ ნდობა, მაშინ ახლა თქვენ უნდა დაგვემორჩილოთ მე და პრემიერს. გაიგეთ, რომ მინარეთი არის კერძო საკუთრება და ის უნდა დაბრუნდეს სოფელში, თუ ეს ასე არ მოხდება, იქნება კანონდარღვევა”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა. 

პარალელურად, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი შეკრებილებს რუპორით მიმართავს. ტრიბუნაზე ისინი ერთმანეთს ცვლიან და აცხადებენ, რომ ახლა დათმობა არ შეიძლება. 

შეკრებილთა მეორე ნაწილი ასევე ცდილობს მრევლმა ეკლესიაში გადაინაცვლოს. 

“ნუ გადავაბიჯებთ პატრიარქის კურთხევას, გაიხსენეთ, ხალხნო, 9 აპრილი, მაშინაც ასე მოხდა, პატრიარქმა მოუწოდა ხალხს და არავინ დაემორჩილა, ნუ გავიმეორებთ იგივეს. ორი მეუფის კურთხევაა, რომ მინარეთი უნდა გავატაროთ”, – მიმართა შეკრებილებს ადიგენში მცხოვრებმა დავით ტაბატაძემ, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას გამოსვლა არ დაამთავრებინა.

ამ დროისთვის მეუფეებმა ამაღლების ეკლესიაში გადაინაცვლეს, რომელიც აქციიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარეობს. მათ მხოლოდ აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი გაყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი