ახალი ამბები

ესწრებოდნენ თუ არა პოლიტიკოსები საპატრიარქოში შეხვედრას

29 აგვისტო, 2013 • 1193
ესწრებოდნენ თუ არა პოლიტიკოსები საპატრიარქოში შეხვედრას

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის განცხადებით, შეხვედრას ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, სამუფთოს მოადგილეები, ადამ შანთაძე და ავთანდილ აბაშიძე ესწრებოდნენ. იგი ვარაუდობს, რომ შეხვედრას მინისტრებიც ესწრებოდნენ.

 

„[შეხვედრა] პატრიარქთან იყო და საპატრიარქოს წარმომადგენლები [ესწრებოდნენ] და სახელმწიფო მოხელეები, მინისტრები. ვინ, არ ვიცი,“- განაცხადა ასლან აბაშიძემ.

 

ასლან აბაშიძის აზრით, ადიგენში სიტუაციის დაწყნარება მთავრობის დაინტერესებაში უნდა შედიოდეს. აბაშიძე განმარტავს, რომ სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება მის დემონტაჟამდე არავის გაუპროტესტებია.

 

„რაღაცა ძალა არის, რომელმაც გადაკეტა ახალციხის გზა. ერთი თვის წინ იდგა მინარეთი, არავის არ აწუხებდა. დღეს ვიღაცა იძახის, რომ ჩვენი მკვდრების საფლავებზე გადაატარებენ მინარეთსო. მაშინ რომ მოიჭრა, ცოცხლების ორგანიზმზე გადაატარეს მინარეთი და მკვდრების საფლავი თავისთავად მიყოლილია. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში დაწყნარება საჭიროა,“- განაცხადა ასლან აბაშიძემ. 

 

ასლან აბაშიძე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა. იგი ახლა ბათუმში, მუსლიმი მოქალაქეების გამართულ აქციაზე იმყოფება, რომლებიც მინარეთის ჭელაში დაბრუნებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას იზიარებს ასლან აბაშიძეც, რომელიც ამბობს, რომ საპატრიარქოში მიღებულ გადაწყვეტილებას იმდენად იზიარებს, რამდენადაც უახლოეს დღეებში მოხდება მინარეთი ჭელაში კვლავ აღიმართება. 

 

ტარიელ ნაკაიძე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. იგი აცხადებს, რომ საპატრიარქოში გამართულ შეხვერდაზე პოლიტიკოსები არ ესწრებოდნენ. 

 

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შენობაში ილია მეორე და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანმხდნენ, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში დაილუქება და იქამდე არ აღიმართება, სანამ არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის. 

 

მართლმადიდებელ მრევლს ახალქალაქში გზები აქვს გადაკეტილი და მოითხოვს, რომ მინარეთი, რომლის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა, არ დააბრუნონ ადიგენის რაიონის სოფელ ჭალეში. საპატრიარქო აქციის მონაწილე მართლმადიდებლების შეხედულებას იზიარებს და მიაჩნია, რომ მათი პროტესტი სამართლიანია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი