“ყვარელრემმშენის” დირექტორი: ნგრევა ექსპერტიზის ავტორების პასუხისმგებლობაა

კომპანია “ყვარელრემმშენის” დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ ისნის პოლიციის შენობა დატოვა. მას სამართალდამცავები ვარკეთილის მეტროსადგურში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით დაახლოებთ 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

როგორც ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნგრევა ძველმა კონსტრუქციამ გამოიწვია, რომლის ჩამოვარდნის შედეგადაც მისი კომპანიის მიერ დამონტაჟებული შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. მისივე თქმით, მანამდე არსებული კონსტრუქციის ადგილზე დატოვება რეაბილიტაციის პირობებში იყო აღნიშნული.

“ძველი კონსტრუქცია ჩამოიშალა და მაგან წამოიღო ახალი კონსტრუქცია. პირობებში იყო ასე, რომ ძველი კონსტრუქცია დაგვეტოვებინა და ისე გაგვეკეთებინა ახალი კონსტრუქცია”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე, ჯოხარიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი მათი პასუხისმგენლობაა, ვინც “საკითებზე ექსპერტიზა განახორციელა”. მისივე განცხადებით, პროექტის ჩაბარების შემდეგ მერიას შენიშვნა არ ჰქონია.

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. 2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან